გივი მიქანაძე – სასკოლო ჩანთის წონა უნდა შევამციროთ, სემესტრული სახელმძღვანელოების შემოღება, სულ მცირე, გაანახევრებს წონას, რაც შეეხება გაჯეტებს, არ ვკრძალავთ, ვზღუდავთ მათ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესის დროს
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასკოლო ჩანთის წონა უნდა შევამციროთ და ამ კუთხით ახალი სასწავლო წლისთვის პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლების პროცესი, მისი ხარისხი, გარემო, სადაც ბავშვების სწავლობენ, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. უნდა ვაღიაროთ, რომ სასკოლო ჩანთა საკმაოდ მძიმეა. ამიტომ, ამ საკითხზეც გავამახვილეთ ყურადღება და მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოვიღოთ სემესტრული სახელმძღვანელოები, რაც, სულ მცირე, წონას გაანახევრებს. ოღონდ, ეს შეეხება ყველა ახალ სახელმძღვანელოს, თუმცა, ახალი სასწავლო წლისთვის შემუშავებული რიგი ახალი სახელმძღვანელოები იმდენად მოცულობითია, რომ ორ ნაწილად მის გაყოფას არსებითი შემსუბუქების ეფექტი ვერ ექნებოდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სამ და ოთხ ნაწილადაც კი დაგვეყო. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული პროგრამის ნაწილი ამოიწურება, წინმსწრებით, უკვე მოხდება ახალი წიგნების მიწოდება ბავშვებისთვის სასკოლო პროცესის განმავლობაში. ყველა ახალი სახელმძღვანელო აუცილებლად ამ პრინციპს დაექვემდებარება, სულ მცირე, თითო საგანში წელიწადში ორი სახელმძღვანელო ექნებათ მოსწავლეებს. ანუ, ერთი პირველ სემესტრში და მეორე – მეორეში, თუმცა, სადაც საჭიროებაა, სამად ან ოთხად დავყოთ, ამასაც უზრუნველვყოფთ, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ჩვენი ამოსავალი პრინციპი“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა სასკოლო სწავლების პროცესში გაჯეტების გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაჯეტებს კი არ კრძალავენ, არამედ ზღუდავენ მათ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.
„ჩვენ არ ვკრძალავთ, ვზღუდავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მოსწავლეს, მობილური ტელეფონი წამოიღოს, რადგან მას ელემენტარულად, შეიძლება, ოჯახთან კომუნიკაციის საჭიროება ჰქონდეს. სხვადასხვა საგამონაკლისო კომპონენტებია ბრძანებაშია, რომლითაც იზღუდება გაჯეტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს. ეს გამონაკლისები ჩამოთვლილია, ამიტომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, ეს ავუკრძალოთ, მაგრამ იმისთვის, რომ სწავლების პროცესი ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს, ვერ დავუშვებთ, მობილურები იყოს გამოყენებადი, როდესაც გაკვეთილი მიმდინარე პროცესშია. ბრძანება უკვე დამტკიცებულია ჩემ მიერ და სკოლები უკვე იწყებენ შესაბამისი სათავსოების შეძენას, რომ 15 სექტემბრისთვის მზად იყვნენ, მოხდეს მობილურების დასაწყობება სასწავლო პროცესის დროს და ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, გარკვეული უსიამოვნო სიტუაციები რომ არ შეიქმნას, ყველაზე დიდი მხარდამჭერი შეიძლება, იყვნენ მშობლები.
„შეიძლება, მოხდეს ისეთი შემთხვევებიც, რომ ბავშვმა ორი ტელეფონი წაიღოს, ერთი ჩააბაროს და მეორეთი კვლავ შეძლოს, ან მცდელობა ჰქონდეს, ისარგებლოს, მაგრამ აქ ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი შეიძლება, იყოს ჩვენი საზოგადოება, მშობლები. რა თქმა უნდა, მასწავლებელს აქვს უფლებები, მაგრამ მშობელი ყველაზე დიდი ავტორიტეტია შვილისთვის და მშობლისგან ნათქვამი, მშობლის მიერ ახსნილი ეს საკითხი ბევრად უფრო წონადი იქნება ბავშვისთვის. ამიტომ, მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთხოვო ყველა მშობელს, გვერდით დაგვიდგეს, პირველ რიგში, საკუთარ შვილებს დაუდგეს გვერდით. თუკი მათი ინტერესია, რომ ბავშვი იყოს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებული და ორიენტირებული, აუხსნას, დაარწმუნოს საკუთარი შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი, მან უნდა განათავსოს კონკრეტულ სათავსოში გაჯეტი და საჭიროება როცა იქნება, ან საგამონაკლისო სიტუაცია, ან სასკოლო პროცესი რომ დასრულდება, ის მას მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.
შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე პერმანენტულად არღვევს წესს, მიქანაძემ აღნიშნა, რომ სკოლის შინაგანაწესში იქნება გარკვეული პროცედურები ასახული, რაც თითოეული სკოლის მიერ ინდივიდუალურად შემუშავდება, სასწავლო პროცესის კომპონენტში ეს არის დამაზიანებელი და ამიტომ, სასკოლო საზოგადოება, მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, მიიღებს შესაბამის შინაგანაწესში კონკრეტულ აკრძალვებს და კონკრეტულ სანქციებს ამასთან მიმართებით.
„სავარაუდოდ, გაფრთხილებაც იქნება და გარკვეული ზომები, მშობელთან კომუნიკაციაც ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, მინიმალურ დონეზე იყოს ეს დაყვანილი, ეტაპობრივად აღმოიფხვრას და კულტურა, ეს პროცედურები ასე განხორციელდეს, ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში აქტიურად დამკვიდრდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოების, უშუალოდ მშობლების ჩართულობა და მონაწილეობა, ამ პროცესის ხელშეწყობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიქანაძემ.