გივი მიქანაძე – საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესს მიაღწია, PISA-ს კვლევით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს

14:16, 08.09.2026

2025 წლის „პიზას“ კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესს მიაღწია სამივე მიმართულებით – ეს არის მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს.

მინისტრის თქმით, მიღწევების გლობალური კლების პირობებში საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას. საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა. ამის საპირისპიროდ, საქართველომ მიღწევები გააუმჯობესა.

„მიღწეული პროგრესი ხაზს უსვამს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით თითოეული მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან იდება ამ პროცესში. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ საქართველო 2010 წლიდან არის ჩართული PISA-ს საერთაშორისო კვლევებში და ასეთი პროგრესი საქართველოს არასოდეს დაუფიქსირებია. 2022 წლის კვლევაში 81 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ახლა კი 2025 წლის კვლევაში უკვე 91 ქვეყანა მონაწილეობდა, რაც კიდევ უფრო წარმოსაჩენს ახდენს იმ შედეგებს, რომლებსაც საქართველომ მიაღწია. ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის გვაქვს დაახლოების საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სოფლის სკოლების მოსწავლეების მიღწევები, განსაკუთრებით მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მნიშვნელოვნად ამაღლდა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს არ აქვს არსებითი გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ძალიან დადებითად აფასებენ სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოქვეყნდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ​2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები – მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

მსგავსი