გივი მიქანაძე - საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება, უნივერსიტეტები წარადგენენ საჭიროებებს და ამის მიხედვით გამოვყოფთ ასიგნებებს, პირველ რიგში, ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით
საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ უნივერსიტეტებისთვის არსებული საგრანტო დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რა სახის იქნება დაფინანსების ახალი მოდელი.
მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და სახელმწიფო ამის მიხედვით გამოყოფს ფინანსურ ასიგნებებს.
„მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის, ჩვეულებრივად დარჩება საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვის, სადაც გრანტს რომ მოიპოვებდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში კონკურენციაც მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავიანთ საჭიროებებს და ამის მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ასე შემდეგ. შემდეგი სამი-ოთხი წელიწადი გვაქვს გარდამავალი პერიოდი. დაფინანსების ახალი მოდელი ნაწილობრივ ამოქმედდება შემდეგ, თუმცა რაღაც კომპონენტი, რომელიც, მაგალითად, საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი სასწავლო წლიდანვე ამოქმედდება. პირველკურსელებთან მიმართებით საგრანტო კომპონენტი შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, შესაბამისი თანხები იქნება უნივერსიტეტებისთვის გადახდილი. პირველ რიგში, ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით. დამატებითი საჭიროება თუ წარმოიშვება კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება კერძოებთან მიმართებაშიც. ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმის კონცეფცია სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.