გივი მიქანაძე - საარჩევნო თემატიკაზე რეკომენდაციების სამი მეოთხედი უკვე განხილულია და ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე შევჯერდით
ამ დროისთვის, საარჩევნო თემატიკაზე რეკომენდაციების სამი მეოთხედი უკვე განხილულია და ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე შევჯერდით, – ამის შესახებ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ღიად დარჩენილია ორი საკითხი, რომელზეც 15 სექტემბრის სხდომაზე კიდევ უფრო დეტალურად ექნებათ საუბარი.
„დანარჩენ საკითხებთან გვაქვს შემდეგი მოცემულობა – ან არის შესრულებული ან არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ პოზიციები შევაჯერეთ, რაზეც შესაბამისი კანონპროექტები მომზადდება. ეს საკითხი ამ დროისთვის არის 13, კერძოდ: 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევაზე დაწესდეს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ბოლო ორ საერთო არჩევნებში შერჩეული ადამიანი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების სერტიფიცირება მოხდეს მსგავსად იმის, რაც პარტიის მიერ კომისიების დანიშნულ წევრებს ეხება; 3. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდეს და გახდეს 4000 ლარი; უბნის შედეგების გასაჩივრებისთვის დღეს არსებულ ორ კალენდარულ დღეს დაემატოს ერთი დღე; 5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომელიც შეეფარდება მის ჩამდენ კომისიის წევრს, დაეკისრება 15 დღეში ნაცვლად, დღეს მოქმედი 30 დღის; 6. საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირები დღეს სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან და ეს ნორმაც ჩაიდება და სავალდებულო გახდება მათი სერტიფიცირება; 7. მოქმედი წესით, საარჩევნო უბნების 10 პროცენტის გადათვლა შერჩევის პრინციპით ხდება, გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემაჯამებელ ბიულეტენებში ბათილი ბიულეტენების და სუბიექტებისთვის მოცემული ჯამს ხუთით აღემატება არსებული ბიულეტენების რაოდენობა ან ათით ნაკლები იქნება, ამ შემთხვევაში, იმ უბნის გადათვლაც განხორციელდება; 8. ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღების მიზნით, ამ პროცესისთვის ღია ვართ. მოლაპარაკება მიმდინარეობს მთავრობასთან, რათა ფინანსები იყოს მობილიზებული, რომ შესაბამისი აპარატურის შეძენა მოხდეს. ამ საკითხზე საბოლოო პოზიცია 15 სექტემბერს ჩატარდება; 9. თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქმედ მერს უფლებამოსილება უნდა შეუჩრდეს; 10. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის საერთო რაოდენობა უნდა იყოს 30 მლნ, დღეს მოქმედი კანონით 60 მლნ ლარია“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე იგეგმება. ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი მოამზადებს. ცვლილებების თაობაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა დღეს გაიმართა.