გივი მიქანაძე - რთულია ეროვნულ თანხმობაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აანონსებენ აქციებს, ამბობენ, რომ რევოლუციაც და შენობების აღებაც მისაღებია
გივი მიქანაძე - რთულია ეროვნულ თანხმობაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აანონსებენ აქციებს, ამბობენ, რომ რევოლუციაც და შენობების აღებაც მისაღებია

რთულია ეროვნულ თანხმობაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აანონსებენ აქციებს, სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობენ, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციების შეტანას, ცდილობენ რადიკალიზაციას, ამბობენ, რომ რევოლუციაც, შენობების აღებაც მისაღებია და ა.შ. ამ ფონზე ეროვნული თანხმობის მიღწევა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

​როგორც მიქანაძემ განაცხადა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია დღეს არის მომართული, რომ ამ პოლარიზაციას და მის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი.

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა სტრატეგიით აპირებს ამ კუთხით მოქმედებას, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენ უბრალოდ დაველოდებით მოვლენების განვითარებას, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყველა ძალა, ვინც არ უნდა იყოს, ყველანი ვართ ამ ქვეყნის შვილები და უნდა გავერთიანდეთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგრამ თუკი ეს კვლავაც და კვლავაც დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ როგორმე ხელისუფლება ჩავიგდო უკანონოდ ხელში, ეს გაერთიანება სამწუხაროდ ვერ მოხდება. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია დღეს არის მომართული იმისკენ, რომ ამ პოლარიზაციას და მის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი. ნებისმიერი მათი ბრიფინგი, კომენტარი, განცხადება თუ ქმედება, მათ შორის ისიც, რაც დაკავშირებულია პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესის გამიჯვნაზე და იქ ცალკე ჯგუფებში მუშაობაზე, ესეც პირდაპირ რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ამიტომ მათ თუ უნდათ, რომ ერთიანი პოზიცია შედგეს და ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიმოქმედოთ, მათ უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები“, – განაცხადა მიქანაძემ.