გივი მიქანაძე - როცა გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს
გივი მიქანაძე - როცა გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს

ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მათი რეალური მიზანი პროცესის დაზიანება და ხელის შეშლაა. როცა გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, რომელსაც არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაზიანებაზე იმუშაოს, მას კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი პროცესის დაზიანებაა.

„19 აპრილის შეთანხმების შედეგად მივიღეთ ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე დღემდე არ გვყავს არჩეული, იმის მიუხედავად, რომ ეუთო/ოდირმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინდელ ადმინისტრაციას მაღალი შეფასება მისცა. მოახლოებული არჩევნების წინ ცესკო-ს ადმინისტრაცია ჯერაც დაუკომპექტებელია. ამ სიტუაციაში ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ ოპოზიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ნეიტრალური, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანის არჩევის შესაძლებლობა არ მოგცეს, რადგან მისი რეალური მიზანი პროცესის დაზიანებაა. ოპოზიცია ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. როცა სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, პროცესისა და ევროკავშირისკენ წინსვლის საბოტაჟი იყო. ხოლო ახლა, როცა სამოქმედო გეგმა არსებობს, რაღაც ფორმატში შესვლას ითხოვენ. ყველაზე მთავარი ფორმატი საპარლამენტო საქმიანობა, კომიტეტები და პლენარული სხდომებია, რაც იმისთვისაა, რომ კონკრეტული საკითხები განვხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. როცა ვხედავთ, რომ ერთ დღეს ერთ აზრზე არიან, ხოლო მეორე დღეს – მეორე აზრზე, ეს არის მანიშნებელი, რომ მათი მიზანი საქმის კეთება არ არის. მიზანია ის, რომ ყველგან რაღაც მიმართულება ეძებონ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა მიქანაძემ.