გივი მიქანაძე - რადიკალები როდესაც ცდილობენ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობა ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს
გივი მიქანაძე - რადიკალები როდესაც ცდილობენ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობა ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს

საპარლამენტო ოპოზიციას ჩვენ შევთავაზეთ მაქსიმალური ინკლუზიურობა, რასაც ოპოზიციის რადიკალური ფრთა ხელოვნურად გაემიჯნა. სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიზანმიმართულად აწარმოა მთელი ერთი წლის განმავლობაში 12-პუნქტიანი გეგმის საბოტაჟი, რის მიზანიც არაერთხელ იქნა მათი ლიდერების მიერ საჯაროდ გაცხადებული. კერძოდ, მათთვის მიუღებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მყისიერად გამოეხმაურა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მზაობას და გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში წარადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

„ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლითაც გააძლიერა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, უზრუნველყო ახალი სტანდარტის საარჩევნო სისტემის დამკვიდრების საფუძველი ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის მიცემისა და თვლის აპარატების გამოყენებით, აამაღლა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, დააფუძნა ანტიკორუფციული ბიურო, გააძლიერა ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, უზრუნველყო გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებითი სამართლებრივი გარანტიების დამკვიდრება, აირჩია დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ყველა მიმართულებით არსებული პროგრესი აღიარებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. ამის ნათელი დადასტურება იყო გასულ კვირას გეგმის შესრულების შუალედური შეფასება ბრიუსელსა და სტოკჰოლმში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მანვე დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულად თარგმნეს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი.

„ეს უკანასკნელი საჯაროდ იქნა მოწონებული ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ. გეგმით ნაკისრი ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების მიზნით, ორჯერ გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში. მიღებული დასკვნა წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებებთან და რჩევა იქნა მოცემული, კანონის მიღების ნაცვლად, სისტემური მიდგომების თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემური მიდგომა უმეტესად უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო ანგარიშებსა და რეიტინგებში, რომლებიც ეხება საქართველოში ანტიკორუფციულ, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ღიაობისა და გამჭვირვალობის, მთავრობის კეთილსინდისიერებისა და მექრთამეობის რისკების, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო სერვისების საკითხებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

დეპუტატმა დეპოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება.

„იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ყველაფერს ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავის თავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ეს ევროკომისიამაც აღიარა იანვარში გამოქვეყნებული დასკვნით.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ძალისხმევა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იქნება სამართლიანად შეფასებული და მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დეპოლარიზაციას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.