გივი მიქანაძე - პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა დამარწმუნა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადამიანების ბრალეულობაში
გივი მიქანაძე - პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა დამარწმუნა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადამიანების ბრალეულობაში

პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა დამარწმუნა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადამიანების ბრალეულობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო სიმართლეს გამოძიება დაადგენს, მათ შორის იმასაც, ვისი მითითებით მოქმედებდნენ ეს ადამიანები.

„სრულიად საფუძვლიანად ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი პოლიტპატიმარი არ არსებობს. გუშინდელმა გამოქვეყნებულმა მასალებმა მე მგონი სრულიად საზოგადოება დაარწმუნა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები ძალიან მკაცრად იცავდნენ თავიანთ ინტერესებს, ჩვენი მხრიდან იყო ისეთი ქმედებები და ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ჩვენს სუვერენულ უფლებებს ლახავდა. არ მინდა შევიდე და არც მივცემ თავს უფლებას, რომ შევიდე გამოძიების დეტალებში. წარდგენილი ბრალდების და მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო დაადგენს, რეალურად ეს ასე იყო თუ არა. გამოძიება საზოგადოებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. ნებისმიერ ინფორმაციას მყისიერად ასაჯაროებს, რომ საზოგადოებაში ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იყოს. გუშინდელმა ჩანაწერმა მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, დამარწმუნა ამ ადამიანების ბრალეულობაში, თუმცა ჩვენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით. ასევე მეორე მომენტიც, ვინ დგას ამ ადამიანების უკან იმიტომ, რომ ისინი რიგითი შემსრულებლები არიან. თუ კი ეს გამოძიებით ასე დადგინდება, უნდა დაადგინოს, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა მითითებითაც ეს ადამიანები მოქმედებდნენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

დატოვე კომენტარი