გივი მიქანაძე – პირველკურსელებისთვისაც, რომლებიც ახლა გადადიან მეორე კურსზე, უკვე სამწლიანი საბაკალავრო სისტემაა გათვალისწინებული

00:09, 01.07.2026

არათუ აბიტურიენტი, არამედ მოქმედი პირველკურსელებიც, რომლებიც ახლა გადადიან მეორე კურსზე, ისინი უკვე სამწლიანი საბაკალავრო სისტემით სარგებლობენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„უმაღლეს განათლების რეფორმის კონცეფციის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებამ მოგვცა საფუძველი, რომ შეგვემუშავებინა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ეს პროექტი პარლამენტში იქნა განხილული და დეკემბერში დამტკიცდა, რის საფუძველზეც უკვე მოქმედი პირველკურსელებისთვისაც, რომლებიც ახლა აბარებენ მეორე სემესტრის გამოცდას და გადადიან მეორე კურსზე, უკვე სამწლიანი პროგრამაა გათვალისწინებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მისი თქმით, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ძალიან აქტიური, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მიმდინარეობდა გასული თვეების განმავლობაში და პროგრამები უკვე გადაწყობილია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა და რამდენად ხელშესახებია პირველადი შედეგები პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ რეფორმის კონცეფციით ეს საკითხი პირდაპირ არის განსაზღვრული და ეს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

„პროფესორ-მასწავლებელი როდესაც რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლის, და უამრავი შემთხვევა გვაქვს, სადაც, საშუალოდ, სამ-ოთხ უნივერსიტეტში ასწავლის ერთი და იგივე ადამიანი, ეს ხარისხზე მოქმედებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს, შევუქმნათ შესაბამისი, როგორც სამუშაო გარემო, ასევე ის პირობები, რომელიც მათთვის მისაღები იქნება. სწორედ ამიტომ, დამატებით პოზიციად საკანონმდებლო დონეზე, რეფორმის კონცეფციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით უკვე დამტკიცდა, რომ შემოგვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტებში დამატებითი აკადემიური პოზიცია, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელი. მაგალითად, სამოქალაქო სამართლის წამყვანი პროფესორი და ამ მიმართულებაზე მომუშავე ყველა დარგის სპეციალისტი, პროფესორ-მასწავლებელი სწორედ მისი ხელმძღვანელობით გარკვეულწილად, და უფრო სწორი იქნება, კოორდინაციით ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობას, მათ შორის, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას და განხორციელებას, კვლევითი საქმიანობის ჩატარებას, სახელმძღვანელოების შემუშავებას და ასე შემდეგ.

შეგვიძლია, „პირველი მერცხალი“ დავარქვათ, დღეს შემოვიდა სამინისტროში წესდებაში ცვლილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, რომელსაც აქვს სურვილი, კანონმდებლობის ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ასახვა მოახდინოს წამყვანი პროფესორების და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს, გამოაცხადოს რამდენიმე მიმართულებით წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია, საჯარო კონკურსი. ეს იქნება პირველი ხელშესახები კომპონენტი და იმედი გვაქვს, ეს კონკურსი ძალიან ფართო კონკურენციის პირობებში ჩატარდება. რესურსი არსებობს და დარწმუნებული ვართ, დაინტერესება იქნება ძალიან მაღალი, რადგან ანაზღაურება და სამუშაო პირობები იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ყველა, ვისაც კი აქვს ინტერესი, რომ აკადემიურ სფეროს ერთ უნივერსიტეტში მთლიანად მიუძღვნას თავი და ჰქონდეს ძალიან კარგი, შესაბამისი ანაზღაურება, ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ამ რეფორმის განხორციელების ფორმატში ნელ-ნელა სხვადასხვა უნივერსიტეტში ეტაპობრივადაც მოხდება ანალოგიური კონკურსების გამოცხადება და შესაბამისი კადრების შერჩევა.

მსგავსი