გივი მიქანაძე – პირველი ეტაპი წარმატებით იქნა დაძლეული, უნივერსიტეტებმა შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი ყოფილიყო უზრუნველყოფილი
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებით იქნა დაძლეული, პირველ რიგში, უნივერსიტეტების მიერ, რომლებმაც შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლით ყოფილიყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, პირველად ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა კვოტები მთავრობის დადგენილებით.
„პრინციპი, რომელსაც ჰქვია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, იცით, რომ განხილული იქნა ორი ძირითადი ჰაბის კონტექსტში, თბილისისა და ქუთაისის კონტექსტში. მოხდა ტრადიციული მიმართულებებით უნივერსიტეტებს შორის ფუნქციების გადანაწილება. რა თქმა უნდა, უპირობო იყო და ყოველგვარი განხილვის გარეშეა, რომ დედა უნივერსიტეტის სტატუსი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს, მას აქვს პრიორიტეტული მიმართულება, ის არის მულტიფუნქციური ხასიათის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები სწორედ ამ დედა უნივერსიტეტიდან იქნენ წარმოშობილი. შესაბამისად, როდესაც მოხდა კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა უნივერსიტეტებისთვის ამ კონცეფციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მოხდა შესაბამისი გადანაწილებაც და უნივერსიტეტებმა, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომა გასწიეს. იცით, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გადავედით ბაკალავრიატის სამწლიან სწავლებაზე 80 პროცენტ მიმართულებებზე. მაგისტრატურის ერთი პლუს ერთ სწავლებაზე, სადაც ერთია სტანდარტული მაგისტრატურა, ხოლო კიდევ ერთი წელიწადი შესაბამისი კრედიტების კონტექსტში საჭიროა, რათა მესამე საფეხურის მიმართულებით, ანუ სადოქტორო მიმართულებით სწავლება ვისაც სურს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, შესაბამისი კრედიტები დააგროვოს და ჰქონდეს ჩაბარების საფუძველი.
რაც შეეხება ბაკალავრიატს, ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, რომელიც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა თითოეულ უნივერსიტეტთან. მოხდა საბაკალავრო პროგრამების გადაწყობა, ისევე როგორც ახლა უკვე, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა სამაგისტრო პროგრამები, შესაბამისად, გადაწყობა, და უნივერსიტეტებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს ინფრასტრუქტურული კომპონენტის თვალსაზრისით, რომ სწორი გადანაწილება მოხდეს, რადგან გარკვეულ უნივერსიტეტებს კონკრეტული ფუნქციები უფრო შეევსოთ, იქ კონტიგენტიც იზრდება.
იცით, პირველად ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა კვოტები მთავრობის დადგენილებით. ამიტომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებით იქნა დაძლეული, პირველ რიგში, უნივერსიტეტების მიერ, რომლებმაც შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლით უზრუნველყოფილი ყოფილიყო“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ამავდროულად, მინისტრმა განმარტა, რომ აბიტურიენტების მხრიდან ყველა მიმართულებაზე არის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატული.
„ჩვენ რეგისტრაციის კონტექსტში დავაკვირდით, რა მიმართულებებზეა აბიტურიენტების მხრიდან გამოხატული სურვილი განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით და მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებაზე არის საკმადოდ დიდი ინტერესი.
ეს ინტერესი გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენი სამინისტროსა და ბიზნესსექტორის ერთობლივი კვლევის შედეგად იქნა განსაზღვრული საჭიროებები. ამ ნაწილში ვხედავთ, რომ კონკურენცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ის მოცემულობა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, ბევრ მიმართულებაზე აბსოლუტურად შესაბამისობაშია კვოტებთან მიმართებით. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ბაზრის კვლევამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აქამდე თუკი ეს არ ხდებოდა, არ იყო სწორი, მარტივად რომ ვთქვათ. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ განგვესაზღვრა და გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რატომ ვაკეთებდით ამ ბაზრის კვლევას.
იურიდიულ ფაკულტეტთან მიმართებით ბაზრის კვლევით გამოჩნდა, რომ 3 600 ადამიანი აბარებს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით იურიდიულ ფაკულტეტზე. აქედან მხოლოდ 2 900 ამთავრებს და, რეალურად, ბაზრის მოთხოვნა არის მხოლოდ 700 იურისტზე, რაც ამხელა სხვაობას გვაძლევს. სამწუხარო ფაქტორია, რომ 2900-დანაც ვერ ხერხდება იმ სრული 700-ის უზრუნველყოფა, რაც ბაზრის მოთხოვნაა. ეს უკვე ხარისხობრივ კომპონენტზეც აქცენტს აკეთებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, გვეჩვენებინა, რატომ წამოვიწყეთ ეს რეფორმა. ძალიან ბევრი აბიტურიენტის მშობელს შევხვდით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.