გივი მიქანაძე - ოპოზიციამ რატომ არ მოაწერა ტექსტს ხელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თქვეს, მათი ინტერესი რა არის
გივი მიქანაძე - ოპოზიციამ რატომ არ მოაწერა ტექსტს ხელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თქვეს, მათი ინტერესი რა არის

მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ოპოზიციამ თავისი სამარცხვინო საქციელი ისრებით ისევ მმართველ პარტიაზე გადაიტანოს და როგორმე ის მძიმე მდგომარეობა აიცილოს, რომელშიც ისინი გუშინ ჩავარდნენ, როცა რეზოლუციის პროექტს არ დაუჭირეს მხარი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეხებოდა, ქვეყნის ევროინტეგრაციას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციას თავიანთი ქვეყნისთვის გული როგორ შესტკივა, კარგად გამოჩნდა.

„ამ სამარცხვინო ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხნენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებთან კომუნიკაციას, მათთან დიალოგი იყო, რომ მსგავსი რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნებოდა, თუ ის დაინიცირდებოდა. პოზიციონირება იყო, რომ უნდა მომხდარიყო ასოცირებული ტრიოს წევრების მიერ ამ რეზოლუციის დაინიცირება. მოლდოვის დელეგაციამ ინიციატივას ხელი მოაწერა, უკრაინელებმა თავი შეიკავეს. ჩვენი მეგობრული განწყობის საპასუხოდ მათი მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ისინი უნისონში მოქმედებდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. ქართველმა დეპუტატებმა რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს, რაც იმას ნიშნავს, მათ საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. რატომ არ მოაწერეს ტექსტს ხელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია? საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თქვეს, მათი ინტერესი რა არის“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.