გივი მიქანაძე ნიუ იორკში გაერო-ს განვითარების პროგრამის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ნიუ იორკში, გაერო-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მრავალწლიანი შედეგები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაერო-სთან 2025-2030 წლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩარჩოდოკუმენტის ხელმოწერისთვის საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს სააგენტოებს შორის დაწყებული განხილვების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა გაერო-ს სააგენტოების ცალკეული პროგრამების დაგეგმარებას.
ივანა ჟივკოვიჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაღალი რანგის თანამშრომლობისა და ჩართულობის მიმართ. ისაუბრა მაისის ბოლოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც შესაძლებლობა ექნება, შემდგომი თანამშრომლობის საკითხები ხელისუფლების წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილოს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.
ინფორმაციას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს.