გივი მიქანაძე - ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“, არც ცალ-ცალკე, არც ერთად, შანსი არ აქვთ, მათი რეიტინგი დღითი დღე კლებულობს და მხარდამჭერთა რიგებიც მცირდება
ნიკა მელია, ისევე როგორც გაკოტრების პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აღარანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „7 ოქტომბერს თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.
„ეს პოლიტიკური სუბიექტი, ისევე როგორც ფაქტობრივად გაკოტრების პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აღარანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. რა რეიტინგებზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც თვითონ მელია რა პიროვნებაც არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და დაინახა განსაკუთრებით ბოლო წლებში კანონის უზენაესობის მიმართ მისი უპატივცემულობით და კონკრეტული მოქმედებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც მისი მთავარი დასაყრდენი ძალა არის ეძგვერაძე და მისი მსგავსი ადამიანები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მისი გუნდი“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე მხარეც, რომელსაც ფორმალურად ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს, არანაკლები დისკრედიტირებული ადამიანებისგან არის ჩამოყალიბებული.
„ის მეორე მხარეც, რომელსაც ფორმალურად ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს, არანაკლები დისკრედიტირებული ადამიანებისგან არის ჩამოყალიბებული და ვხედავთ, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო და, საბოლოო ჯამში, იყო ამაზე საუბარი, რომ მელიას პირდაპირ თუ ირიბად მოუწოდებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა. როგორც ჩანს, ეს კრიზისი იმდენად სიღრმეში შევიდა, რომ მელიამაც ვეღარ დაინახა ამ მიმართულებით განვითარების ვერანაირი შესაძლებლობა და ის ტოვებს. თუმცა არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მელიას ცალკე, გნებავთ ერთად, არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა ამ პოლიტიკური სუბიექტის მიზანმიმართულ, ქვეყნის საწინააღმდეგო მავნებლურ საქმიანობაში. ამიტომაც მათი რეიტინგი დღითი დღე კლებულობს და მხარდამჭერთა რიგებიც მცირდება. ერთი წლის შემდეგ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების დრო მოვა, რა დარჩება ამ პოლიტიკური სუბიექტისგან, ცოტა მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება საკადრისს პასუხს გასცემს არჩევნებზე, ისევე როგორც მთელი ამ 11 წლის განმავლობაში საზოგადოება არანაირ შანსს არ აძლევდა და არც მისცემს, რომ ისინი რაღაცა ფორმით მაინც დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.