გივი მიქანაძე - მზად ვართ, მოვისმინოთ, თუკი ვინმეს უკეთესი ხედვა აქვს, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ ამბობდნენ ჯგუფები, რომლებიც ახლა რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობენ, რა უნდა გაკეთებულიყო?
გივი მიქანაძე - მზად ვართ, მოვისმინოთ, თუკი ვინმეს უკეთესი ხედვა აქვს, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ ამბობდნენ ჯგუფები, რომლებიც ახლა რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობენ, რა უნდა გაკეთებულიყო?

აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი არსებობს და რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, მაგრამ ეს პოლიტიკური ნება არ არის იმპერატიული ხასიათის, – ასე უპასუხა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ხორციელდება ასეთი მასშტაბური განათლების რეფორმა ახლა, 13 წლის შემდეგ, რატომ ამ ფორმით და არსებობს თუ არა კონცეფციის აღსრულებისთვის მმართველი გუნდის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რესურსი.

„ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც აბსოლუტურად მზად არის, მოისმინოს ნებისმიერი ჯანსაღი, კონსტრუქციული არგუმენტირებული პოზიცია. თუ კი ვინმეს აქვს უკეთესი ხედვა, როგორ შეიძლება კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ გამოწვევებზე გადაწყვეტის მოფიქრება, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ ზუსტად აქ ისმის კითხვა, თუკი რაღაც სხვა იყო აქამდე, რომელიც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, რატომ არ იყო ეს გაჟღერებული, ან რატომ არ იყო კონკრეტული ჯგუფების მხრიდან წარმოდგენილი, რომლებიც ახლა ცდილობენ, გააკრიტიკონ? რატომ არ ამბობდნენ, რა უნდა გაკეთებულიყო? რაც შეეხება იმას, რატომ ახლა და რატომ ადრე არა. ალბათ, გარკვეულწილად, ცოტათი დაგვიგვიანდა ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა ვართ მთლიანად კონცენტრირებული იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ, რათა ქვეყანა სწორი განვითარების პროცესს რომ დაადგეს განათლების სისტემის თვალსაზრისით; იმისთვის, რომ სასწავლო პროცესთან ერთად ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაძლევთ, იყოს ისეთი ხარისხის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უჩნდებოდეთ სურვილი სხვა ქვეყნებში წასასვლელად, რადგან არა თუ არანაკლები, უფრო მეტი ხარისხის სასწავლო პროცესში იქნებიან ჩართული; იმისთვის, რომ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, რათა მათ მთელი თავისი ცოდნა, ენერგია და დრო კონცენტრირებულად მოახმარონ ამ საქმის ძალიან მაღალი სტანდარტით განხორციელებას“, – განაცხადა მიქანაძემ.