გივი მიქანაძე - მობილიზებულია ათობით უცნობი ადამიანი, მათ ძირითადად ხელმძღვანელობს დიმიტრი შაშკინი, რომელიც საარჩევნო უბნებთან მოსახლეობის დასანახად იარაღს ატარებს
გივი მიქანაძე - მობილიზებულია ათობით უცნობი ადამიანი, მათ ძირითადად ხელმძღვანელობს დიმიტრი შაშკინი, რომელიც საარჩევნო უბნებთან მოსახლეობის დასანახად იარაღს ატარებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა მცირე ინციდენტები.

ამასთან, გივი მიქანაძე საუბრობს ათობით უცნობი ადამიანის მობილიზებასა და სხვადასხვა საარჩევნო უბანთან გადაადგილებაზე. მიქანაძის განმარტებით, მათ ძირითადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, მიქანაძე აღნიშნავს, რომ დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა ამის დემონსტრირება გარკვეულ რადიკალურ ნაბიჯებზე მიუთითებს.

„მივესალმებით, რომ არჩევნები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში. თუ არ ჩავთვლით მცირე ინციდენტებს, მიმდინარეობს მშვიდად. არ შემიძლია, ყურადღება არ გავამახვილო ათობით უცნობი ადამიანის მობილიზებასა და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბანთან მათ გადაადგილებაზე. მათ ძირითადად ხელმძღვანელობს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან მოსახლეობის დასანახად დაატარებს ამ იარაღს და აჩვენებს, რომ ის შეიარაღებულია. ასევე, ოპოზიციის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმაც დაადასტურა, რომ ის თვითონაც დადის შეიარაღებული, რაც, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში გარკვეულწილად ჯდება, როცა ადამიანს იარაღის ტარების უფლება აქვს, მაგრამ ამის დემონსტრირება და ამის ასე ხმამაღლა გაცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მათი მხრიდან გარკვეულ რადიკალურ ნაბიჯებს აქვთ ადგილი, გარკვეულ ზემოქმედებას და ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული იცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

„მათი მხრიდან ეს ქმედებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, ოპოზიცია ხედავს, რომ „ქართული იცნება“ დამაჯერებლად იგებს, რადგან „ქართულ იცნებას“ აქვს მოსახლეობისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა, რასაც ჩვენ სულ რამდენიმე საათში საკუთარი თვალით ვიხილავთ და დავრწმუნდებით. სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული არეულობები, დესტაბილიზაცია შექმნან, იყენებენ სხვადასხვა მეთოდს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რამენაირად შეიბღალოს მოქალაქეების მიერ გამოხატული თავისუფალი ნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომ მასთან ერთად მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დამკვირვებლები არიან, რომლებმაც უბნები უნდა დაიცვან, გივი მიქანაძე ფიქრობს, რომ ეს ზეწოლაზე და ძალის დემონსტრირებაზე მიანიშნებს.

„ეს ადამიანები გადანაწილებული არიან სხვადასხვა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი გამოჩენა ძაბავს სიტუაციას. არ ვიცით, ეს ადამიანები რა მიზნით არიან ჩამოსული ან რატომ მოინდომეს, მაინც და მაინც არჩევნების დღეს უბნებთან გამოჩენილიყვნენ. შესაბამისად, ეს არის ამომრჩეველზე გარკვეული ზეწოლა და ამ ადამიანებისგან ძალის დემონსტრირება, მაგრამ ვერაფერს შეცვლის, რადგან ქართველი ხალხი ბრძენია და იცის, ქვეყნის განვითარებისთვის ვის დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.