გივი მიქანაძე - მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლის შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს
გივი მიქანაძე - მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლის შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს

ბელარუსის ხელისუფლებასთან და ბელარუს ხალხთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ასევე გვაქვს და არალოგიკური იქნება, თუ ეს ნაბიჯი მართლაც იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბიჭვინთაში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ფაქტის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის და საჭიროებს გადამოწმებას. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია ასე არ არის, სხვა შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, რადგან ეს არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევა. ბელარუსის ხელისუფლებასთან და ბელარუს ხალხთან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს და არალოგიკური იქნება, თუ ეს ნაბიჯი მართლაც იქნება გადადგმული. ამ ეტაპზე სხვა განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან მნიშვნელოვანია, ფაქტის შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს. იმედია, ეს ინფორმაცია არასწორია, რადგან ბელარუს ხალხთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა. შესაბამისად, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, ლოგიკაში არ ჯდება იმ ყველაფერთან მიმართებით, რაც ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში  ურთიერთობებიდან გამომდინარე არსებობს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ბიჭვინთაში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.