გივი მიქანაძე – მინდა, თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა
მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებს ექნებათ თავიანთი ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა, ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ამოცანები, რომლებიც საგამოცდო კომპონენტით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
გივი მიქანაძემ თითოეულ აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა.
„ორ დღეში იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად, პირველი გამოცდა 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს საერთო ეროვნულ გამოცდებზე, მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის, შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა, ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ის დავალებები და ამოცანები, რომლებიც კონკრეტული ტესტებით და საგამოცდო კომპონენტით არის გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, მთელი წლის შრომა, რომელიც მათ გასწიეს, რათა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ, შესაბამის შედეგებში იქნება ასახული. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო. მინდა, ძალიან მალე, უკვე აგვისტოს ბოლოს თითოეულ მათგანს მივულოცო სტუდენტობა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.