გივი მიქანაძე - ლეგიტიმურია პრეზიდენტის განცხადება, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას, იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის
გივი მიქანაძე - ლეგიტიმურია პრეზიდენტის განცხადება, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას, იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის

ლეგიტიმურია პრეზიდენტის განცხადება, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს“.

მისივე თქმით, ვერ გაიზიარებს პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარი უნდა იყოს, რადგან „ყველა მსჯავრდებული სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც გარანტირებული არის მოქმედი კანონმდებლობით“.

„პრეზიდენტმა უკვე მეორედ განაცხადა იმის თაობაზე, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას. აღნიშნული აბსოლუტურად ლეგიტიმურია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად პრეზიდენტმა იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის მის მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის, რაც სასამართლოს მიერ იქნა კონკრეტული ფაქტების წარმოდგენის საფუძველზე დადასტურებული და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. შესაბამისად, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანი შეწყალებული იქნას, არ არსებობს და მან სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც არის.

რაც შეეხება იმას, რომ ის განსაკუთრებული პატიმარი უნდა იყოს, ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ. ყველა მსჯავრდებული თანასწორია და ყველა მსჯავრდებული სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც გარანტირებული არის მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, მსჯავრდებული სააკაშვილი, ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები, ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მინიჭებული. რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში მისი გადაყვანა არანაირ საფუძველს არ ექვემდებარება და არის კანონთან შეუსაბამო. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძე აქვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრაზე,  კოვიდპასპორტის შემოღებასა და აუცრელებისთვის ფასიან მკურნალობაზე.

„პრეზიდენტის წინადადება და მოწოდება ძალიან საინტერესო და საყურადღებოა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აუცრელია და რეალურად, დღესდღეობით პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ რომ არის ვაქცინაცია. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით სიღრმისეულ შესწავლას. დარწმუნებული ვარ, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხის ირგვლივ იმსჯელებს და უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გვეცოდინება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.