გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილა.
„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმების შემოღება, სახელმძღვანელოების განახლება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია მშობლების მაქსიმალური ჩართულობა და მათგან უკუკავშირის მიღება, რაც პროცესის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.