გივი მიქანაძე – კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ჯამში, 7 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, 1795 აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიონ ადგილები

20:00, 30.08.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, ჯამში, 7 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია დარჩენილი.

მიქანაძის თქმით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალურიზღვარი გადალახეს, ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ამ ადგილების შერჩევა.

„არაფრის ჩაბარება არ უწევთ ამ აბიტურიენტებს, მათ უკვე აქვთ ჩაბარებული, გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. საუბარია 1795 აბიტურიენტზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, მინიმალური რაოდენობის უნივერსიტეტები და პროგრამები შეარჩიეს. მათ რომ შესარჩევი პროგრამების უფრო გრძელი სია გაეკეთებინათ, უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში აუცილებლად მოხვდებოდნენ. ეს, გარკვეულწილად, გამოწვეულია იმით, რომ ფუნდამენტური რეფორმების ფარგლებში, პირველი წელია, გარკვეული მოუმზადებლობა, გარკვეული ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი ვერ იყო – თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ინფორმაცია თითოეულ მათგანთან მისულიყო – ამიტომ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგამონაკლისო, ერთჯერად შემთხვევას ვახორციელებთ, როცა მეორად ჩარიცხვებს ვაკეთებთ. სექტემბრის პირველ ნახევარში ვაკანტურ ადგილებზე, რაც დარჩა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის პროგრამებზე, მიღება გამოცხადდება და დარეგისტრირება ავტომატურად შეეძლებათ. რაიმე მიმართულებით კვოტების გაზრდა კი არ იქნება, სადაც დარჩა ადგილები, იქ შეეძლებათ რეგისტრაცია. კერძოშიც და სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ჯამში, 7 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, შესაბამისად, 1795 ადამიანისთვის შესაძლებლობა იქნება, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ამ ადგილების შერჩევა. ამისთვის უნივერსიტეტების მხრიდან მზაობა უნდა იყოს და პროცედურები უკვე დაწყებულია. პროცედურების დაცვით სექტემბრის პირველ ნახევარში კონკრეტული ვადები განისაზღვრება, როდესაც მათთვის გაიხსნება ბაზები და შეეძლებათ კონკრეტულ მიმართულებებზე დარეგისტრირება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, გამონაკლისის სახით, წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ექნებათ.

მსგავსი