გივი მიქანაძე - ISFED-ი არ არის ნეიტრალური და აპოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს მხარეს
გივი მიქანაძე - ISFED-ი არ არის ნეიტრალური და აპოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს მხარეს

როდესაც საუბარია ინკლუზიურობასა და არასამთავრობო სექტორზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არ და ვერ არის, რადგან პოლიტიკურ პროცესში შევიდა და წარმოადგენს მხარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ISFED-თან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია მზად არის ISFED-ი პროცესში ჩაერთოს, თუ ისინი იმ პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნებიან, რომელიც თვენახევრის წინ დაიწყო.

„სამართლიან არჩევნებს“ ძალიან დიდ რეიტინგს ანიჭებთ, თუ სასწორზე იმას დებთ, რომ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ არმოწვევის გამო ქვეყანას შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მით უმეტეს იმ ორგანიზაციის გამო, რომელმაც რევოლუციური სცენარის განვითარებას ხელი პირდაპირ შეუწყო და თვენახევრის წინ პოლიტიკურ პროცესში შევიდა. როდესაც საუბარია ინკლუზიურობასა და არასამთავრობო სექტორზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არ და ვერ არის, რადგან პოლიტიკურ პროცესში შევიდა და წარმოადგენს მხარეს. ISFED-ი არ არის ნეიტრალური და აპოლიტიკური ორგანიზაცია. პირველი შეხვედრის დაწყებისთანავე გავაკეთეთ განცხადება, რომ კარს არ ვხურავთ და მზად ვართ, ISFED-ი პროცესში ჩაერთოს, თუ იმ პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნება, რომელიც თვენახევრის წინ დაიწყო და რაზეც დღემდე უარი არ განუცხადებია. ველოდებოდით, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, მათი მხრიდან მკაფიო საჯარო განცხადება გაკეთდებოდა. ამის ნაცვლად თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები და მათი პოზიცია მივიღეთ, თითქოს, ამ ორგანიზაციას ვებრძვით და მათ დისკრიმინაციას ვახდენთ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ძალიან ბევრი კრიტიკული ორგანიზაციაა, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატებში პლატფორმამ წარმოადგინა და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ ორგანიზაციების მიმართ არაფერი განგვიცხადებია. საუბარი გვაქვს აპოლოტიკურობასა და ნეიტრალურობაზე, ამ ორგანიზაციამ ეს დაკარგა და იმით, რომ ამდენი დღის განმავლობაში არ გაემიჯნა პროცესს, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, პლატფორმამ რომც წარადგინოს, მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის განცხადებით, „სამართლიან არჩევნებთან“ ერთად პლატფორმამ წარმოადგინა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“ და „საზოგადოებრივი დამცველი“.

„ეს ოთხი ორგანიზაცია პროფილურად საარჩევნო დაკვირვებას ინტენსიურად ახორციელებენ. საია-მ განაცხადა, რომ დროებით წყვეტენ მონაწილეობას, მაგრამ პროცესიდან არ გადიან, რისი დამადასტურებელიცაა, რომ მან კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნა ჩვენ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. „მრავალეროვანმა საქართველომ“ მოიწერა წერილი, რითაც უარს არ ამბობენ პროცესში მონაწილეობაზე, სოლიდარობაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, მათ აქვთ დღეს გასვლითი დიდი ღონისძიება, რის გამოც ვერ ახერხებენ მონაწილეობას. რაც შეეხება „საზოგადოებრივ დამცველს“, მის ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. არც ის ემიჯნება პროცესს, მაგრამ ქალაქიდანაა გასული და დღევანდელ პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ინკლუზიურობა არის“, – განაცხადა მიქანაძემ.