გივი მიქანაძე - „გირჩი“ საჯაროდ გამოხატავს მზაობას მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მეტიც, ინდივიდუალური კონსულტაციები უკვე დაწყებულია
გივი მიქანაძე - „გირჩი“ საჯაროდ გამოხატავს მზაობას მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მეტიც, ინდივიდუალური კონსულტაციები უკვე დაწყებულია

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს, მაგიდიდან არასდროს ავმდგარვართ და ეს მოლაპარაკებები გრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„როდესაც არჩევნების მეორე დღიდანვე, ოპოზიციის გარკვეული ფრთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია დაიწყო, ჩვენი გუნდის ლიდერები პირველივე დღიდან გამოვიდნენ მოწოდებებით, რომ მაგიდასთან დავმსხდარიყავით და მონაწილეობა მიგვეღო რეალურ პროცესებში, რომელსაც შეეძლო, ეს პროცესები რაღაც გარკვეულ შეთანხმებამდე მიეყვანა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, ეს შედეგი მიღწეული არ არის გარკვეული მიზეზების გამო, რაც ძირითადად, ოპოზიციის არასამართლიანი და ულტიმატუმის ენით საუბრიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ინდივიდუალური მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ კონსტრუქციულად განწყობილ პარტიასთან.

„მაგალითად, „გირჩი“ საჯაროდ გამოხატავს მზაობას მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის. მეტსაც გეტყვით – ინდივიდუალური კონსულტაციები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ 1%-იანი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნებიდან“ იქნებოდა 76 დეპუტატი და მარტო პროპორციული ნაწილით, 74 დეპუტატი ოპოზიციიდან, რითაც კრიზისს აირიდებდნენ.

„სრულად პროპორციული არჩევნები რომ ჩატარებულიყო და 76/74-ზე გადანაწილებულიყო, ეს აქტუალური არ იქნებოდა იმიტომ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს თავისი დღის წესრიგი ჰქონდა, რომლის განვითარებასაც ხუთი დღეა, ცდილობს. თუმცა, მათი ეს მცდელობა წარუმატებელია, რადგან მათ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებებლია თუ არა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივი, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ეტაპზე გადადგა ნაბიჯი და უკვე გააფორმა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ბარიერი სულ მცირე, 3 პროცენტამდე მაინც დაიწევს.

„ეს არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ ვსაზღვრავთ იმ მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში იყოს და ამას ჩვენი მხრიდან, გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება. თუმცა, ეს არის მოლაპარაკებების და სამუშაო პროცესის საკითხი. საბოლოოდ როგორ გადაწყდება, რა თქმა უნდა, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, მაგრამ საკითხი იმის შესახებ, რომ ბარიერი დაიწევს, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად მხარდაჭერილია. თუმცა, თუ პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ იქნება, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ, ეს ყველაფერი მოლაპარაკებად და სიტყვებად დარჩება. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, არავინ ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, იყოს მიღებული და გადაწყვეტილი, მაგრამ ეს საკითხი ასე სპონტანურად ვერ გადაწყდება, მხოლოდ იმიტომ, რომ 0%-იანი ბარიერი გვინდა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამუშაო პროცესით, პოზიციათა შეჯერების შედეგად, რომელიც ნათელ ანალიზს მოგვცემს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად სასარგებლოა და სად არის რისკები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.