გივი მიქანაძე - განათლების რეფორმის კონცეფციაში მოცემულია ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა მიმართულება, თუმცა პროფილურ უნივერსიტეტებში
გივი მიქანაძე - განათლების რეფორმის კონცეფციაში მოცემულია ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა მიმართულება, თუმცა პროფილურ უნივერსიტეტებში

განათლების რეფორმის კონცეფციაში მოცემულია ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ჩვენი ხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული კონცენტრირება მოვახდინოთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს როგორი სიტუაცია გვაქვს? მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს სამედიცინო ფაკულტეტი; ან, მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – იურიდიული ფაკულტეტი, მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სამედიცინო სწავლება მიმდინარეობს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, პროფილის მიმართულება. ჩვენი ხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რესურსების სრული კონცენტრირება მოვახდინოთ, მათ შორის, ადამიანური რესურსების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის. ეს ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს და არა კერძო უნივერსიტეტებს. ის მათი არჩევანია და შესაბამის პროცესებს გადიან. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში შესაბამისი ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო გვაქვს და მათთან მიმართებით ეს ჩვეულებრივად, კანონმდებლობით დარეგულირებული პროცესებია, რა მიმართულებები ექნებათ, რაზე მიიღებენ შესაბამის ნებართვას და ასე შემდეგ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა ფაკულტეტი, ყველა მიმართულება, რაც კი არსებობს, ოღონდ ეს უნდა იყოს პროფილურ უნივერსიტეტებში. თბილისის შემთხვევაში, სოხუმის უნივერსიტეტის ჩათვლით, არის ხუთი უნივერსიტეტი, ხოლო ქუთაისის შემთხვევაში არის ორი უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტებში, თითოეულ ქალაქში ეს ყველა ფაკულტეტი უნდა გადანაწილდეს იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რაც მათ მუდმივად ჰქონდათ. მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ის მიმართულებები, რაც ტექნიკურ სპეციალობებთან არის დაკავშირებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაბამისად, ილიას უნივერსიტეტს შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო პროფილები და, რა თქმა უნდა, სოხუმის უნივერსიტეტსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება. ანალოგიურად უნდა განაწილდეს ეს ფუნქციები უკვე ქუთაისში ორ უნივერსიტეტს შორის. ამ მოცემულობაში ჩვენ უკვე კონცენტრირებას მოვახდენთ და პლუს ეს ხარჯები მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ, რადგან ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, როგორ მოხდება საჭირო თანხების მობილიზება ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და არის თუ არა ამით დაინტერესებული ბიზნესსექტორი, იგივე სტუდენტური საცხოვრისების, კამპუსების მშენებლობის ნაწილში, რადგან დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ბინის ქირით უზრუნველყოფაა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ამ პროფილური მიმართულებებით გარკვეული მოძველებული შენობები ქალაქის მასშტაბით რიგ უნივერსიტეტებში გამოთავისუფლდება და მოხდება მათი პრივატიზება, რის საფუძველზეც მოხდება თანხების კონცენტრირება და აქ უკვე რუსთავის ფაქტორი გამოდის, სადაც მოეწყობა რიგი სასწავლებლების კამპუსები, მათ შორის, საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცეები თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ტერიტორიაზე, რუსთავთან ახლოს, სადაც იქნება თანამედროვე სტანდარტების შენობები აშენებული.

„ეს საშუალებას მისცემს როგორც ახალგაზრდებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს, თავიანთი საქმიანობა და სასწავლო პროცესი განახორციელონ სწორედ ამ მოცემულობაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საერთო საცხოვრებლები, რა თქმა უნდა, არის აქტუალური თემა და სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში იგეგმება მაღალხარისხიანი საერთო საცხოვრებლების აშენება, რომლებიც დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლიან.

„ეს არის შემდეგ სამ-ოთხწლიან პერსპექტივაში გათვლილი. რეფორმის კონცეფციის დამტკიცებიდან სამი-ოთხი წლის პერიოდში ვგეგმავთ, ეს პროცესი ბოლომდე დავასრულოთ, თუმცა მისი გარკვეული შედეგები უკვე ეტაპობრივად იქნება ხელშესახები”, – განაცხადა მიქანაძემ.