გივი მიქანაძე - განათლების რეფორმის ერთ-ერთი ხერხემალია პროფესორ-მასწავლებლების სწორად შერჩევა, სახელმძღვანელოების შემუშავება, ძირითადად, სრული პროფესორის კომპეტენცია უნდა იყოს
განათლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ხერხემალია პროფესორ-მასწავლებლების სწორად შერჩევა და მათი განსაზღვრა, ვინ იქნება სრული პროფესორი, ვინ ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმძღვანელოების შემუშავება, ძირითადად, სრული პროფესორის კომპეტენცია უნდა იყოს, თუმცა სხვა აკადემიური პერსონალის, მათ შორის, ასოცირებული პროფესორების ჩართულობა, პირიქით, მისასალმებელია.
„აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოები ხშირ შემთხვევაში არის სპონტანურად შემუშავებული და ხშირად ვერ პასუხობს იმ სტანდარტს, რაც მიზანშეწონილია, არსებობდეს კონკრეტული საგნის მაღალხარისხოვნად სწავლებისთვის. ამიტომ როდესაც კონკრეტული პროფესორები შერჩეული იქნებიან შესაბამისი დარგების მიხედვით და მათ ფუნქციებში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად განისაზღვრება, მათ შორის, სახელმძღვანელოების მომზადება კონკრეტულ დისციპლინაში, რა თქმა უნდა, იქ ხარისხიც მოიმატებს. რაც მთავარია, მათ ექნებათ დრო, რომ კონცენტრირდნენ და ეს საქმე აკეთონ“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, განათლების მინისტრის თქმით, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც კვლევით საქმიანობასა და სასწავლო პროცესს შორის ბმა საკმაოდ მწირია და ეს არის ფრაგმენტული ხასიათის.
„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ბიუჯეტი, რომლითაც ისინი კონკრეტულ კვლევებს განახორციელებენ და ამაში ჩართავენ როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. ეს კვლევები შეიძლება იყოს გარკვეულ ვადაზე გაწერილი და საკმაოდ ხანგრძლივი. მთავარია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი და ეს კვლევები იყოს კავშირში იმ საქმიანობასთან, რასაც კონკრეტული უნივერსიტეტები თავიანთი პროფილის მიხედვით განახორციელებენ. ამიტომ უნივერსიტეტებს ჩვენ უნდა შევუქმნათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის დაფინანსება და იმ რესურსების კონცენტრირების შესაძლებლობა, რომლებიც მათ კვლევითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამ განცხადებით გივი მიქანაძემ გადაცემის უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რას გულისხმობს კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ახალი სისტემა, ვინ უნდა იმუშაოს ახალ სახელმძღვანელოებზე, ვინ განსაზღვრავს მომუშავე ჯგუფს, კონკრეტული ადამიანების კომპეტენციას და რა სტანდარტებით განისაზღვრება მათი კომპეტენცია?
მიქანაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე და ეს დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ბაზრის კვლევის კონკრეტული შედეგებიდან.
„პირველადი სამუშაოები ამ კვლევითი მიმართულებით ჩვენ ისედაც დაწყებული გვაქვს, რადგან ეს პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, რუკა იმ გზაზე, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. აქ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მყისიერად არის გასატარებელი, რათა შემდეგი წლისთვის მოვემზადოთ, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიწყებთ ფართომასშტაბიან მუშაობას სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელსაც ჩემი მოადგილე უხელმძღვანელებს უშუალოდ. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ერთიანი კოდიფიფიცირებული კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ, რომელიც შემდეგ წელიწადს ჯერ მთავრობას უნდა წარვუდგინოთ, მთავრობის მიერ მოწონების და დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს უნდა წარედგინოს შემდგომი განხილვისთვის და დასამტკიცებლად. დღეს შვიდი კანონი არეგულირებს ამ სფეროს, რომელიც მიმოფანტულია და იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კანონები ვერ პასუხობენ გარკვეულ საჭიროებებს, ჩვენ გვჭირდება პარლამენტისთვის, მთავრობის ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმართვა, რომ შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. ამიტომ ეს პროცესიც ამის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობთ, სამართლებრივი ჩარჩოს ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში მოგვარება აუცილებელი კომპონენტია რეფორმისთვის და ეს პროცესიც დაიწყება, ისევე როგორც პრაქტიკული აქტივობები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ სისტემის შემდეგი წლიდან 3+1 კომპონენტზე გადაწყობის თვალსაზრისით. ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია, თუმცა როგორც კი რეფორმა დამტკიცდება, უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.