გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალის ფარგლებში ქვეყნის მართვის პროცესებში ახალგაზრდების როლსა და მათ ჩართულობაზე ისაუბრა
გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალის ფარგლებში ქვეყნის მართვის პროცესებში ახალგაზრდების როლსა და მათ ჩართულობაზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მონაწილეობს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში, რომელიც მალტის დედაქალაქ ვალეტაში იმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მთავარ მიზანს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული ინსტიტუციების განვითარებაში ახალგაზრდების როლის ხაზგასმა წარმოადგენს.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე – ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე უნდა გავაძლიეროთ ახალგაზრდობის ჩართულობა. საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ახალგაზრდების როლზე. ახალგაზრდების ჩართულობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც მშვიდობის, ერთობის ხიდს ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, საქართველო აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმების განვითარებაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები ხორციელდება, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო შეუერთდა ევროპის ახალგაზრდული ბარათის პროგრამას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს ქართველ ახალგაზრდებს კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ შესაძლებლობებთან და აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მე-10 მინისტერიალზე მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა. მათივე ცნობით, მინისტერიალზე მიიღეს დასკვნითი დეკლარაცია – „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის: ახალგაზრდული პერსპექტივები მოქმედებაში“, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.