
მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტის პროექტში ასახულია აბსოლუტურად სიცრუე და არარეალობა იმასთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან და შემდგომში განვითარებულ მოვლენებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული კონკრეტული ძალები ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ ის მთავარი ღირებულებები, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის გამოირჩეოდა.
„კიდევ ერთხელ იკვეთება კონკრეტული ძალების მიზანმიმართული პოლიტიკა, მათ გამოაცხადონ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მიღებული შედეგები მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მათ შეიმუშავეს პროექტი, რომელშიც ასახეს სრული აბსურდი, რომელიც ეხება, პირველ რიგში, უპატივცემულობის და ამის აშკარა გამოხატულებას ჩვენი მოქალაქეების, ამომრჩევლის მიმართ. მათ ჩაწერეს, რომ აპრილამდე უნდა განისაზღვროს კონკრეტული ვადა, როდის ჩატარდება მორიგი არჩევნები. ყველა შეხვედრაზე, ყველა საკომიტეტო მოსმენაზე თუ პლენარულ სხდომაზე ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომელიც არის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ 2028 წლამდე საქართველოში არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ასევე მათ დამატება გააკეთეს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აპრილის სხდომამდე, რაც ასევე აბსურდულია. კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრულია, რამდენადაც ვიცი, 27 პირთან მიმართებით, ეს პროცესები დაკავშირებულია კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რასთან მიმართებითაც მიმდინარეობს გამოძიება. ნებისმიერი პირი, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვალდებულია, პატივი სცეს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ქვეყანაში კანონის უზენაესობას. ამიტომ, არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ მიუთითებს დოკუმენტის აბსურდულობაზე. ამის საპირისპიროდ, ჩვენმა დელეგაციამ უცხოელი დეპუტატების მხარდაჭერით გუშინ წარადგინა სამი ცვლილება კონკრეტულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ, ყოველგვარი დათქმების გარეშე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას, ასევე ვეთანხმებით ამ დოკუმენტს სამ მიმართულებაში, რომელიც ეხება ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას, დეკემბერში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტიდან გამომდინარე პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები კონკრეტულ კანონმდებლობასთან მიმართებით და ჩვენ, როგორც ადრე, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან. შესაბამისად, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე, ხოლო შემდეგ საპარლამენტო სხდომაზე, სესიაზე დავაყენებთ ყველა ამ საკითხს. მოლაპარაკებები გვქონდა რიგი ქვეყნების დელეგაციებთან, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, ამიტომ ჩვენ გვექნება მხარდაჭერა ამ პროცესებში, თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ დღეებში მრავლად არიან სტრასბურგში, ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების იმიჯი. მათ ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინეს არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ხარვეზებზე. სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ჩვენი კოლეგა გვეუბნება, რომ მოუსმინეს მათ, მაგრამ ხელშესახები ვერაფერი ნახეს. ეს მიზანმიმართულად წარმოებული ერთგვარი სადამსჯელო პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რადგან კონკრეტულ ძალებს არ სურთ აღიარება თავისუფალი გამოხატულებით მიღებული გადაწყვეტილების. შესაბამისად, ეს ორმაგი მიდგომა თუ არ იქნა, აუცილებლად შენარჩუნებული იქნება ის, რასაც ჰქვია ევროსაბჭოს ღირებულებები, რომლებიც სამართლიანობაზე, შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე არის ორიენტირებული. წინმსწრები გარემოება, რასაც სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, აშკარად მიუთითებს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული კონკრეტული ძალები ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ ის მთავარი ღირებულებები, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის გამოირჩეოდა და საკუთარი მიზნების, ზრახვების განსახორციელებლად გადააბიჯონ ამ ღირებულებებს, მიიღონ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიქანაძემ.
კითხვაზე, – „ამ ფორმით თუ მიიღო სესიამ გადაწყვეტილება და პარალელურად ცნობილია თქვენი პოზიცია თუნდაც არჩევნებთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, როგორ გესახებათ აპრილში სესიაზე დაბრუნება?“ – მიქანაძემ აღნიშნა:
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ საკომიტეტო განხილვას და შემდგომში საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გვექნება კონსულტაციები თბილისთან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა ფორმით და რა ფორმატში იქნება გაგრძელებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ცალსახაა, რომ ვერანაირი რეზოლუცია, ვერანაირი ორმაგი სტანდარტით მიდგომა ვერ დაგვახევინებს იმ პასუხისმგებლობის განხორციელებისგან, რომელიც, უპირველესად, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული. ცალსახად ვაცხადებთ, რომ არანაირი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება, მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით კი ყველამ ნება ინებოს და პატივი სცეს საგამოძიებო უწყებების საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს, დაველოდოთ პროცესებს, რომლებიც ამ გამოძიებასთან არის დაკავშირებული. წინსწრებით, მიზანმიმართულ განცხადებებს ყველა უნდა შეეშვას“.