გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია
გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე თემაზე – „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს შუამდგომლობის საკითხი განიხილა, რომელიც მომხსენებლის არჩევას ითვალისწინებდა. შუამდგომლობის ავტორი თავად გივი მიქანაძე იყო.

დეპუტატი სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც 47 წევრ სახელმწიფოში ციხეებში კვლევას ჩაატარებს, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება, ასევე, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის და როგორია პერსონალის  ჩართულობა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტი მომზადდება, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში ჯერ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ხოლო შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეას პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

„ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ამ შუამდგომლობის ავტორიც და შემდგომში, რეზოლუციის პროექტზე მოკვლევის განმახორციელებელიც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი იქნება და ამ დოკუმენტს მიენიჭება ევროპის საბჭოს რეზოლუციის სტატუსი, მაგრამ, რეალურად, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქართული დელეგაციის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ იხელმძღვანელონ იმ სტანდარტებით, რომელიც სწორედ ამ რეზოლუციის ფორმატში იქნება გაწერილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი