გივი მიქანაძე - ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების წინასწარი განცხადებები არჩევნების სამართლიანობაზე მიუთითებს, რადიკალური ოპოზიციისთვის ეუთო/ოდირის ანგარიში მიუღებელია, რადგან მათ გეგმებს ანგრევს
წინასწარი განცხადებები, რაც კეთდება ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მხრიდან, მიუთითებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, აღნიშნულია ყველა ის დადებითი ფაქტორი, რომელიც არჩევნების სამართლიანობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, რადგან ანგრევს იმ გეგმებს, რომლებიც მათ აქვთ გაცხადებული.
პარტნიორების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნა ყოველთვის აღიარებული იყო, როგორც ყველაზე სანდო და მაღალი ლეგიტიმაციის დასკვნა, ამჯერადაც ასე იქნება. ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამ ანგარიშთან დაკავშირებით წინასწარი განცხადებები, რაც კეთდება ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მხრიდან, მიუთითებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ძალიან მაღალი ადმინისტრირების კომპონენტით ჩატარდა. ყველა ის დადებითი ფაქტორია აღნიშნული, რომელიც ამ არჩევნების სამართლიანობაზე მიუთითებს. ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, რადგან ეს აბსოლუტურად ანგრევს იმ გეგმებს, რომლებიც მათ აქვთ გაცხადებული და როგორც ვხედავთ, პარტნიორების მხრიდანაც, გარკვეულწილად, ამ ანგარიშის იგნორირება ხდება. თუმცა, ფაქტი ჯიუტია და ის, რაც ბუნებაში რეალობას წარმოადგენს, გარდაუვალია. ანგარიში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდება, იქნება იმ სულისკვეთებით, ამაზე მიუთითებს როგორც 27 ოქტომბერს, ასევე გასულ დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ეს არჩევნები კონკურენტუნაირანად იყო აღიარებული. შესაბამისად, ამ ფაქტს ვერც პარტნიორები, ვერც რადიკალური ოპოზიცია ვერ გაექცევა და ეს კიდევ ერთხელ არის დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ხარვეზებს, რაც გამოვლინდა, არანაირი გავლენა არ შეიძლება ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რაც არჩევნების შედეგად იქნა საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული და ცესკო-ს მიერ იდენტიფიცირებული. რადიკალური ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის საფუძველი. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიაში იმიტომ არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, რომ ის სამართლიანობას ემსახურება. ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას და პარტნიორებს მოსწონთ თუ არა, მოუწევთ იმ რეალური შედეგების მიღება, რაც ამ ანგარიშში იქნება ასახული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.