გივი მიქანაძე - ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს მყისიერად დააკავებენ, ე.წ. სამოქალაქო დაპირისპირებაზე ინტერპრეტაცია არასწორია
გივი მიქანაძე - ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს მყისიერად დააკავებენ, ე.წ. სამოქალაქო დაპირისპირებაზე ინტერპრეტაცია არასწორია

ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც არის დამდგარი კანონიერი სასამართლო განაჩენი, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ სააკაშვილის საქართევლოში ჩამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კანონის უზენაესობის უმაღლესი პრინციპი.

„ეს არის კანონის უზენაესობის უმაღლესი პრინციპი, ამ პრინციპზე ვაგებთ ჩვენ უკვე 9 წელიწადია, სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, თუ ვის ეხება ეს საკითხი, თუ ამ ადამიანმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, რაც სასამართლოს მიერ დადგენილია, პასუხი უნდა აგოს. რაც შეეხება ე.წ. სამოქალაქო დაპირისპირებას, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია. ჩამოსვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მყისიერად დააკავებენ და შესაბამის პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანენ, რადგან მის მიმართ არსებობს არაერთ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.

თაკო ჩარკვიანის ინიციატივა ცოტა გაუგებარია, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი რეისი სრულდება იმ განრიგით, რომელიც დადგენილია და შესაბამისად, რაღაც დამატებითი უსაფრთხოების ზომები რეისის დაშვებასთან დაკავშირებით, შსს-ს პრეროგატივას არ წარმოადგენს. თუკი ამ რეისზე იქნება ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოხდება შესაბამისი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი დაკავება და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი