გივი მიქანაძე - ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ურთიერთობას, ზოგი ამას უკმაყოფილოდ, შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა
გივი მიქანაძე - ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ურთიერთობას, ზოგი ამას უკმაყოფილოდ, შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა

ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას, ზოგი ამას უკმაყოფილოდ, შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მიქანაძე მიიჩნევს, რომ, საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რა წინააღმდეგობების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილოდ და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო, მართავდნენ გიგანტურ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ ვერ ნახავთ მსოფლიო რუკებზე. ჩვენმა შედარებით პატარა ქვეყნებმა და ხალხებმა შეძლეს გადარჩენა და შეძლეს, შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომართული იმ ღირებულებებისა და ტრადიციებისკენ, რომლებიც მხარს უჭერდა ჩვენს იდენტობას, თვითმყოფადობას. სხვათა შორის, ევროპის რიგ ქვეყნებში, არა მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთში, არამედ გერმანიაშიც, მემარჯვენე ძალებმა უკვე თქვეს თავიანთი წონიანი სიტყვა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ავსტრიასა და საფრანგეთში. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე ძალები, რომლებიც, პირველ რიგში, მიმართული არიან ეროვნული პრიორიტეტებისა და თვითიდენტიფიკაციის მხარდასაჭერად, სულ უფრო მეტ ძალას, მხარდაჭერას იძენენ, ხოლო მემარცხენე ლიბერალური ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ გამოდიან, კარგავენ ძალას. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, ჩვენთვის ბევრი რამ, შესაძლოა, შეიცვალოს თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნებასთან ერთად. მის შეხედულებებსა და მიდგომებს ბევრი საერთო აქვს „ქართული ოცნების“ პოზიციასთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.