გივი მიქანაძე – ბევრი არასწორი, მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ საზოგადოება სასკოლო ფორმებს მიესალმება 

01:01, 01.07.2026

ძალიან ბევრი არასწორი, მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება და საზოგადოება იბნევა, მაგრამ მიესალმება სასკოლო ფორმების ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„სამი თვის წინ დავიწყე ასეთი პროექტი – მინისტრის შეხვედრა მშობლებთან, დაახლოებით, 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას საშუალოდ, 300 მშობელი ესწრებოდა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, სწორი და არგუმენტირებულ ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე. შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრების ფორმატში არ მახსენდება ერთი ადამიანიც კი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად არ ეთქვას, რა კარგია, რომ ფორმები შემოდის სკოლაში, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და ეს ასეთი მნიშვნელოვანიაო. ყოველთვის იყო წუხილი, რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა ზედა კლასები. ამის შესახებ ჩვენ ძალიან მარტივი ახსნა ვუთხარით საზოგადოებას, რომ პირველიდან მეექვსე კლასში ვიწყებთ, რადგან ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში გამონაკლისების გარდა, სადაც ნებაყოფლობით შემოიღეს და ასეთი სულ რამდენიმე საჯარო სკოლაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისთვის არის რაღაც სიახლე. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ეს ეტაპობრივად შემოვიტანოთ და ისინი შევაგუოთ იმ კულტურას, რასაც ფორმის კულტურა ჰქვია. წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასი გვეყოლება, ყოველ წელიწადს თითო კლასი დაემატება“, – განაცხადა მიქანაძემ.

აღნიშნული განცხადებით მიქანაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, კონკრეტულად, ვინ მიიღებს წელს სასკოლო ფორმებს და ვისთვის იქნება ის უფასო.

მიქანაძის თქმით, სასკოლო ფორმა იქნება უმაღლესი ხარისხის, სტანდარტის შესაბამისი, ანტიალერგიული ქსოვილით.

ამასთან, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზუალშიც და ხარისხობრივადაც, გადაწყვეტილება, როგორი იქნებოდა ფორმა, ერთ კონკრეტულ პირს არ მიუღია, ამაზე იმუშავა კომისიამ შესაბამისი დარგის ექსპერტებმა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი, თუნდაც კერძო სკოლების ფორმებთან შედარებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 65 000, ან უფრო ნაკლები ქულით და ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლე შვილი, ერთ პიჯაკს და ორ შარვალს ბიჭის შემთხვევაში და ერთ პიჯაკს, ერთ შარვალს და ერთ ქვედაბოლოს გოგონას შემთხვევაში მიიღებს სრულიად უსასყიდლოდ.

შეკითხვაზე, რატომ კერავს ფორმებს ჩინური კომპანია, მიქანაძემ განაცხადა, რომ მათი ძალიან დიდი სურვილია, ქართულმა კომპანიებმა განახორციელონ ეს საქმიანობა, თუმცა, ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა. მისივე განმარტებით, პირველი ბაზრის კვლევა როდესაც ჩატარდა, გამოვლინდა კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, სამწუხაროდ, ამ კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებისთვის დასაზუსტებელი დოკუმენტები სრულფასოვნად ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს ბაზრის კვლევა ვერ შედგა, რის გამოც პროცესი თვენახევრით, თითქმის ორი თვით გახანგრძლივდა, რადგან ახალი ბაზრის კვლევის ჩატარებას თავისი პროცედურები აქვს.

მსგავსი