გივი მიქანაძე – ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის შექმნის მიზანია ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობის გამარტივება.
მისივე თქმით, პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
„21-ე საუკუნე რომ ციფრულ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, ეს არავისთვის არის აღმოჩენა. შესაბამისად, დღითი დღე ძალიან პოპულარული არის ონლაინგამოწერები ჩვენს საზოგადოებაში. ამ პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანია, საზოგადოებას გავუმარტივოთ ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობა. ამასთან, საზოგადოებას უკვე ვაუწყეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, სულ მცირე, ერთი საცალო-სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გამოქვეყნებული და გასაჯაროებულია. ასევე, მიმდინარეობს კომუნიკაცია, რათა მშობლებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ამის თაობაზე. მათ აქვთ როგორც საცალოდ, ასევე პლატფორმის რეჟიმში ფორმების შეძენის შესაძლებლობა. პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან, ვინც დააგვიანებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, მათ უკვე მხოლოდ ონლაინპლატფორმით უნდა ისარგებლონ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს.
„ონლაინპლატფორმის, ისევე როგორც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს. მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, როგორ გააკეთებს შენაძენს. ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ. ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან შედარებით იაფად შეიძენს ამ ფორმებს, ვიდრე ეს განსაზღვრული არის იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გარდა ამისა, გივი მიქანაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფორმის უფასოდ გადაცემის ჩამონათვალს კიდევ ერთი კატეგორია დაემატა.
„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება რამდენიმე დღის უკან, რომლითაც უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში დაემატა კატეგორია, 65 001-დან 120 001 ქულამდე თუ არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი, ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ბიჭის შემთხვევაში მიიღებენ უფასოდ ერთ პიჯაკს და ორ შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – ერთ პიჯაკს, ერთ ქვედაბოლოს და ერთ შარვალს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.