გივი მიქანაძე - აშშ-ის ელჩმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ და ჩაერთონ საპარლამენტო აქტივობებში
გივი მიქანაძე - აშშ-ის ელჩმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ და ჩაერთონ საპარლამენტო აქტივობებში

აშშ-ის ელჩმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ და ჩაერთონ საპარლამენტო აქტივობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამით სტრატეგიულმა პარტნიორმა კიდევ ერთი გზავნილი გააჟღერა ოპოზიციის მისამართით.

„მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას, სადაც მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პარლამენტის როლის მნიშვნელობაზე. ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ, კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, რასაც საპარლამენტო აქტივობებში მონაწილეობა ჰქვია. ეს კიდევ ერთი გზავნილის გაჟღერება იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან ოპოზიციის მისამართით“, – განაცხადა მიქანაძემ.

​მიქანაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდათ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების სივრცე რჩება. როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პარტია „მოქალაქეების“ გარდა, კიდევ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც გადაწყვეტენ პარლამენტში შესვლას და მემორანდუმის ხელმოწერას.

„გუშინდელი ჩვენი ერთიანი, გუნდური გადაწყვეტილება სწორედ იმით იყო ნაკარნახევი, რომ მოლაპარაკების სივრცე შენარჩუნებულიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გამომდინარეობდა ჩვენი მოქალაქეების პატივისცემიდან, რომელთა 39-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა მანდატების შეწყვეტის საკითხი განხილვის პროცესში იყო და ჩვენ თავი შევიკავეთ. შესაბამისად, მოლაპარაკების სივრცე არსებობს. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია „ქართულ ოცნების“ და „მოქალაქეების“ მიერ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციაში მყოფი კიდევ არაერთი დეპუტატი ჩამოყალიბდება და მიიღებს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე თუ დააყენებენ, ეს წაახალისებს პარლამენტში მუშაობის დაწყებას.

დატოვე კომენტარი