გივი მიქანაძე - ახალციხის №2 საჯარო სკოლა იმ სიაშია, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები
გივი მიქანაძე - ახალციხის №2 საჯარო სკოლა იმ სიაშია, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები

ახალციხის №2 საჯარო სკოლა შეტანილია იმ სიაში, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო და ახალი სკოლის მშენებლობის პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა კითხვაზე, რომლის მიხედვით, მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, რომ ახალციხის №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ტენდერის გამოცხადების პროცესი გაჭიანურდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურის სააგენტო, რომელიც ამ პროცესებს მართავდა, 1-ელი სექტემბრიდან კანონით გაუქმდა. შესაბამისად, სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. თუმცა განათლების სამინისტრო კვლავ რჩება დამკვეთად. მინდა, ახალციხის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ერთადერთი პროექტი არ არის, სადაც გარკვეული გამოწვევები გვაქვს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და უკვე შედგენილია იმ სკოლების ნუსხა, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო და ახალი სკოლის მშენებლობის პროცესები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ახალციხის მეორე საჯარო სკოლა აღნიშნულ სიაში უკვე შეტანილია.

„როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასა და რესურსცენტრთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. უახლოეს მომავალში დაზუსტდება ის საბოლოო სია, სადაც სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. ეს პროცესები აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე, რომელიც აუცილებელია აღსაზრდელებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც მათ აღზრდაში ძალიან დიდ საქმეს ეწევიან“, – აღნიშნა მიქანაძემ.