გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან პარლამენტში შესვლის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ოპოზიციის წევრებთან.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციის სხვადასხა წარმომადგენლებთან. ჩვენი განცხადება იმის თაობაზე, რომ 20-მდე დეპუტატს აქვს პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ ბულინგის წნეხს ვერ სცილდება, ზუსტად ამ კომუნიკაციებისა და კონსულტაციების შედეგიცაა. ამიტომ კონსულტაციები გრძელდება ერთადერთი მიზნის გამო, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანს, იმ მოქალაქეების მიმართ ვართ პასუხისმგებლიანი, რომელთაც „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ გვინდა, საქართველოს საზოგადოების მიერ გამოხატული თავისუფალი ნება საბოლოო ჯამში ასახული იყოს პარლამენტში.
თუ ვხედავთ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე რომელიმე ოპოზიციური პარტიის სუბიექტის წარმომადგენელს ჩვენთან კომუნიკაცია და გარკვეული საკითხების განხილვა სურს, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ამისი მზაობა და ეს არასდროს დაგვიმალავს“, – აცხადებს გივი მიქანაძე.
ამასთან, მიქანაძე არ აკონკრეტებს ოპოზიციონერების ვინაობას.
„ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ამის დაკონკრეტება არასწორი იქნება“, – აცხადებს მიქანაძე.