გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას შეხვდა
გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას შეხვდა

ბათუმში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, მაია ხაჯიშვილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ერთი წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო, ერთობლივ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს მადლობა გადაუხადა აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და მათ დამატებითი აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა საკანონმდებლო ორგანოს დეპარტამენტებსა და კომიტეტებში სტაჟირება შესთავაზა.

შეხვედრისას, ასევე, ერთ-ერთ შესაძლო აქტივობად განხილული იქნა პარლამენტის დეპარატმენტის ხელმძღვანელების მივლინება უმაღლეს საბჭოში, საფინანსო ანგარიშგების, შესყიდვებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით, აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს პარლამენტის აპარატში მომზადებული დისტანციური სწავლების პლატფორმაში აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ჩართვის შესაძლებლობა. უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა აღნიშნულ ინიციატივებს მიესალმა.

მათ მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ და აქტიურად ითანამშრომლონ აჭარის ა/რ-ში პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა უმაღლეს საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით 6-8 მაისს, ბათუმში გამართული საერთაშორისო სემინარი, აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით.