გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

11:09, 14.09.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რომლითაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული მასწავლებლების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გაგვიზიარებს. ეს ფორმატი სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად გაეცნოს ყოველდღიურ საჭიროებებს და შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საქმეში მასწავლებლების გამორჩეულ როლს გაუსვა ხაზი.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო ავრცელებს.

მსგავსი