გივი დავითაშვილი - ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და შაბათს შეასრულებს
ავიაკომპანია Air China-მ, გასული 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის 25,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, ჯამურად, ყველა ავიაკომპანიის მიერ 88,000-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 81%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
„სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ, გასული 10 თვის მონაცემებით, ავიაკომპანიამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 25,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზრით დაინტერესება პერმანენტულად იზრდება, შესაბამისად, საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი ავიაკომპანია და მეტი მიმართულება დაგვემატება“, – აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიის, Air China-ს მიერ საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაც იქნა განხილული.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.