გიული ალასანიასთვის და მიხეილ სააკაშვილის სახელით, უცხოური გამოცემა ავრცელებს მასალას სახელწოდებით - „გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს ძალისხმევას სააკაშვილის გადასარჩენად“
გიული ალასანიასთვის და მიხეილ სააკაშვილის სახელით, უცხოური გამოცემა ავრცელებს მასალას სახელწოდებით - „გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს ძალისხმევას სააკაშვილის გადასარჩენად“
ვებგვერდი Cision PR Newswire ავრცელებს მასალას სახელწოდებით, „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს კოალიციის ძალისხმევას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“.

მასალას თანდართული აქვს წარწერა -„გიული ალასანიასთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით.  დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის დეპარტამენტში, ვაშინგტონში“.

როგორც მასალაშია აღნიშნული, გიორგი მარგველაშვილი, 150 ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსთან და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელ ლიდერებთან ერთად, განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას, მის მძიმე მეტალით შესაძლო მოწამვლას და წამებას, ასევე მის კეთილდღეობასა და სამედიცინო ზრუნვაზე მოქმედი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ხაზგასმას.

„ღრმად ვართ შეშფოთებული იმის ხილვით, თუ როგორ უარესდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა, ჯანმრთელობა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და საქართველოს ციხეში მძიმე ლითონებით შესაძლო მოწამვლის შედეგად. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოსა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები ცალსახად ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოში ვერ შენარჩუნდება და პროცესი, არაადამიანური მკურნალობის გამო, მისი სიკვდილით დასრულდება.

ჩვენ ვნახეთ არაერთი სარწმუნო ინფორმაცია, რომ ის გახდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების მსხვერპლი. თუმცა, ჩვენ არ ვკამათობთ, არის თუ არა კანონიერად დაპატიმრებული ბატონი სააკაშვილი. როგორიც არ უნდა იყოს წინაისტორია, ის სიკვდილის პირას არის და ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: სიკვდილით დასჯა და პაციენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია ევროპული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით. რამე თუ დაემართება პრეზიდენტ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის, ღირსებისა და სიცოცხლის დარღვევაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას.

პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალება არაადამიანური მოპყრობით საქართველოს ციხის საკანში უკიდურესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის და გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ, და პრეზიდენტ სააკაშვილს უბრალოდ მივცეთ ციხეში სიკვდილის უფლება. პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაზე, გიორგი მარგველაშვილთან, გიული ალასანიასა და ეკა ტყეშელაშვილთან ერთად, ხელს აწერენ სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თანამდებობის პირები.