გიული ალასანია – ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა, ბევრი გამოფხიზლდა, რა გირგვლიანი, საერთოდ რა ხდებოდა, რომელი ბრალდებაა დასაბუთებული?

19:05, 01.10.2026

ხალხმა ბევრი რამ გადააფასა, ბევრი გამოფხიზლდა, შეადარეს, რა ხდებოდა იმ წლებში, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა. შეადარეს და მიხვდნენ, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული წლები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ რიყის პარკში, აქციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ხალხის დღევანდელი განწყობა იმედს აძლევს.

„მე დავდივარ ქუჩაში, მხვდება ხალხი და მომხრეების რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა და ახლა არის პიკში, რადგან ხალხმა გადააფასა ბევრი რამ. დაფიქრდნენ, შეადარეს იმას, რაც ხდება დღეს – ნარკომანია, არნახული კრიმინალის დონე, რაც უკვე დავიწყებული გვქონდა, წლების მანძილზე ეს აღარ ხდებოდა. ახლა უკვე მიეცა ხალხს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შეადაროს, შეაფასოს. ეს მაძლევს იმედს, რომ ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება. მე ასე ვფიქრობ, ეს მოლოდინი მაქვს. დღეს ჩვენ არ ვართ კარგ ფორმაში, როგორც სახელმწიფო. ფაქტობრივად, სახელმწიფო დავკარგეთ ამ წლებში, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, რადგან ძალიან ბევრი ხალხი გამოფხიზლდა, შეაფასეს, შეადარეს და მიხვდნენ, რა ხდებოდა იმ წლებში, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა.  შეადარეს და მიხვდნენ, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმატებული წლები. ვხედავ საზოგადოების მზადყოფნას, რომ ისევ დაბრუნდნენ იმ გზაზე, რომელიც 14 წლის წინ შეწყდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები გამოგონილია.

„გამოგონილია ეს ყველაფერი, რა გირგვლიანი, რა შუაში იყო საერთოდ? საერთოდ რა ხდებოდა? რომელი ბრალდებაა იქ რამენაირად დასაბუთებული? ვერ დავინახე ეს. მე რომ მკითხოთ, მადლობა უნდა ეთქვათ ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია ამბობს, რომ დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით კმაყოფილია.

„კმაყოფილი ვარ ძალიან, რადგან ამინდი ძალიან ცუდია და არ მოველოდი ამდენ ხალხს. ხალხი არის ჩამოსული რეგიონებიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, საოცარია ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი