გიული ალასანია - ვის უნახია სააკაშვილის სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია
გიული ალასანია - ვის უნახია სააკაშვილის სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია

მსოფლიოში გეგულებათ ისეთი მსახიობი, რომ თვეები ჰქონდეს სიცხე, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია, ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა, მასობრივი მკვლელობების ინსპირირება, ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა“.

გიული ალასანიას თქმით, ამ განცხადების გამო გაკვირვებულია.

„ადამიანმა დაიწყო იმით, თურმე ის არის დიდი მსახიობი. რომელ მსახიობს შეუძლია, მუდმივად ჰქონდეს სიცხე? მსოფლიოში გეგულებათ ეგეთი მსახიობი, რომ თვეები ჰქონდეს სიცხე, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია და ბოლოს რომ  მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო. უკაცრავად, ვის უნახია მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით ამის მოწმე, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია, რა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.