გიული ალასანია - უნდა ჩატარდეს სასამართლო, ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გაირკვეს, სააკაშვილმა რა ჩაიდინა ისეთი, რომ იჯდეს ციხეში, მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას განცხადებით, უნდა ჩატარდეს სასამართლო და გაირკვეს, რა ჩაიდინა სააკაშვილმა ისეთი, რომ ციხეში უნდა იჯდეს.
„უნდა ჩატარდეს სასამართლო. ხომ უნდა გაირკვეს ბოლოსდაბოლოს, რატომ ზის ეს ადამიანი, რა არის მისი დანაშაული ამ ქვეყანაში, რა ჩაიდინა ისეთი, რომ უნდა იჯდეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა და შეძახილებით არ შეწყვეტს.
„შიმშილობა მისი გადაწყვეტილებაა, და როგორც ჩანს, ჩვენი თქმით და შეძახილებით არ შეწყვეტს. მივიღე ინფორმაცია, თითქოს რაღაც კონსილიუმს აპირებენ და მე ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, იქნებ, ერთიანი ძალებით რაღაც შეიცვალოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია.
„ბევრი ლაპარაკობს, მიუხედავად მძიმე შეცდომებისა და ამდენი შეცდომისა… პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, ამაში დარწმუნებული ვარ. საკმარისად მაქვს განათლება მიღებული. ვიცი, ანალიზის უნარიც მაქვს, ეს იყო თავდადება, უზომო შრომა. არ ვიცი, რა შეცდომებზეა ლაპარაკი. ვიღაცამ თუ უკანონოდ სამსახური დაკარგა, ან რაღაც, შეიძლება, უფრო ქვედა დონეზე რაღაც ხდებოდა, არ მგონია, ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში.