გიული ალასანია - სააკაშვილთან როდესაც ვარ, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც წამლებს აძლევს, არასოდეს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას
გიული ალასანია - სააკაშვილთან როდესაც ვარ, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც წამლებს აძლევს, არასოდეს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. კლინიკაში შესვლამდე ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„მეც დავიბენი და წარმომიდგენია, მსმენელიც როგორ არის დაბნეული. დღეში ორჯერ ვნახულობ და ხან ამბობენ, იკლებს, ხან იმატებსო. თურმე არ ჭამს და იმატებს. მეც არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ვერ მოძრაობს, ძალა აღარ აქვს. ახლა მოვუტანე ახალი კარტოფილი, სალათა, კვერცხი. ამბობენ არ ჭამსო და თან ამბობენ, მოიმატაო. ვერ გავიგე, რის ხარჯზე მოიმატა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე, ალასანიას კითხვა დაუსვეს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი უარს ამბობს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, მედიკამენტებზე, სამკურნალო პროცედურებზე.

გიული ალასანიას თქმით, არასოდეს გაუგია, რომ სააკაშვილს რაიმე მედიკამენტის მიღებაზე უარი ეთქვას. „მედიკამენტებს რაც შეეხება, როცა იქ ვარ, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც წამლებს აძლევს. არასოდეს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე პოლონელი ექიმების კლინიკაში შესვლის ნებართვის გაცემა, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. არცერთი ექიმი არ ვიცი, არავითარი კონტაქტი ამ ხალხთან არ მაქვს. ვიცი, რომ მზად არიან, გამზადებული აქვთ სპეცრეისი. მომზადებული აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, საჭირო ანალიზები ჩატარდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, როდის გაიგზავნება სააკაშვილთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.

„როგორც კი შემოვლენ სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმები და დადებენ დასკვნას, მაშინვე წავა სტრასბურგში. უკანასკნელი ინფორმაცია არის საჭირო. ვიცი, რომ ეს მასალები გამზადებულია და ველოდები ჩვენს ექიმებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.