გიული ალასანია - სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ, მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, რა ასუსტებს ამ ადამიანს, ვხედავ, რომ არ უმჯობესდება მდგომარეობა
გიული ალასანია - სააკაშვილს დანიშნული ჰქონდა პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ, მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, რა ასუსტებს ამ ადამიანს, ვხედავ, რომ არ უმჯობესდება მდგომარეობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ამჩნევს და მიაჩნია, რომ ნელ-ნელა უფრო უარესდება.

როგორც გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„უკეთესობისკენ არა, ნელ-ნელა უფრო უარესდება. ისტორია აქვს ამას უკვე. პირველად ნიკა გვარამია გამოვიდა და თქვა, რაღაც არაადეკვატურიაო და მე ვიფიქრე, რას იგონებს, მერე უკრაინელი ადვოკატი, მეთქი რას იგონებენ, რადგან მეც მყავდა ნანახი. დღეს მეუფე ნიკოლოზმა იგივე გაიმეორა, და ეს უკვე ბოლო დღეებში რაც შევამჩნიე. ჩემი აზრით, პირველ დღეებში გაუმჯობესება იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ.

უფრო სუსტად არის, ურჩევნია, იწვეს და ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო. ეს არ იყო დაღლა, ეს უფრო მედიკამენტოზურია. მერე ითქვა კიდეც, რომ მას დანიშნული ჰქონდა რაღაც პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ. აქ დაუნიშნეს, მაგრამ პირველად იყო მცირე დოზით, როგორც მოვისმინე, 25 მილიგრამი, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა. როცა პროცესი ახლოვდებოდა, სადღაც შაბათს ორი ექიმი იყო მოსული, გაოგნებული დარჩნენ, რადგან დოზა ავიდა 200-ზე და შემდეგ დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 400. ნიკოლოზ ყიფშიძემ და ოთარ თოიძემ აღარ იცოდნენ, რა ექნათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, აღნიშნული წამალი მიხეილ სააკაშვილს თითქოსდა დაენიშნა ძილის მოსაწესრიგებლად, თუმცა სასამართლო პროცესის მოახლოების პარალელურად დოზების გაზრდამ მისთვის სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

„ეს დაინიშნა აქ, ვითომ ძილის მოსაწესრიგებლად, მაგრამ შემდეგ დოზის გაზრდა უკვე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზანმიმართულად იყო, რადგან პროცესი ახლოვდებოდა. როგორც ჩანს, გათვლა იყო, და როგორც ექიმები ამბობენ, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარდგებოდა პროცესზე. როგორც ჩანს, პირველი 25-მილიგრამიანი მიიღო რუსთავში, დოზის გადიდება ხდებოდა აქ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება კითხვას, „ნიკოლოზ ყიფშიძე როცა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედიოდა, რატომ არ თქვა, რომ ფსიქოტროპული წამლები ჰქონდა დანიშნული და ახლა რატომ გახდა ცნობილი? თქვენც შედიოდით და არასდროს გითქვამთ მსგავსი რამ“, – გიული ალასანიას განმარტებით, ეს თანმიმდევრობა მას აღარ ახსოვს.

„რუსთავში ვერაფერსაც ვერ ვამბობდით, რადგან ფანჯარა იყო და ტელეფონით უნდა გველაპარაკა, ჩამოვიდოდა, შემოვიდოდა და მოკლედ ვასუბრობდით“, – დასძინა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, რა ასუსტებს ამ ადამიანს. ვხედავ, რომ არ უმჯობესდება მდგომარეობა. მე ვერ ვიტყვი ექიმებზე ვერაფერს, ვიცი, კარგი პროფესიონალები არიან, ამიტომ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე დაემთხვა იმ დღეებს, როცა წამლების დოზის გაზრდა მოხდა.

„ტელევიზია აქვს და უყურებს ყველაფერს, ვხედავ, რომ სულ უნდა, იწვეს. ჰოლანდიაში დაენიშნა პოსტკოვიდური წამლები, რასაც მთელი მსოფლიო სვამს. არაფერი ცუდი შედეგი მე იქ არ მინახავს, რადგან ჩავდიოდი და სულ კარგად ფუნქციონირებდა, კარგად იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დატოვე კომენტარი