გიული ალასანია - სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოუწევთ, ამას მათ ხალხის აქტიურობა აიძულებთ
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოუწევთ. მათ აიძულებთ სწორედ ხალხის, საზოგადოების ასეთი აქტიურობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სამედიცინო კონტროლის ქვეშ და არა სხვანაირად.
„არა მარტო ჩვენთან, ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ამ პროცესებში და როდემდე? მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. როგორც კი მივიღეთ სტრასბურგიდან ეს მოწოდება, მაშინვე შეწყვიტა. თვითონ ექიმები ამბობენ, რომ შიმშილობის ასეთ ვითარებაში შეწყვეტა არის ძალიან სახიფათო. არანაკლებ სახიფათო, ვიდრე ამ შიმშილის გაგრძელება. შიმშილობის შეწყვეტა უნდა მოხდეს უსათუოდ სამედიცინო კონტროლის ქვეშ და არა სხვანაირად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.