გიული ალასანია - სააკაშვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, გამიკვირდა კიდეც
გიული ალასანია - სააკაშვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, გამიკვირდა კიდეც

ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო.

„მე რაც მოვისმინე, მართალი გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ დავრჩი, არ ვგეგმავდი, მაგრამ მთხოვეს, დარჩიო. ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც. კი, გეგმასთან, სტრატეგიასთან შეიძლება, იქ ნიუანსები იყო, მაგრამ მერე ყველა შეჯერდა და შეჯერდნენ იმაზე, რომ ახლა ეს უნდა იყოს დღის წესრიგში, რაც შეიძლება სწრაფად და სხვადასხვა გზით“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, გეგმის ნაწილია მათ შორის საპროტესტო აქციები.

„ესეც იქნება, დიახ, სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციები, ხვალიდანვე იწყება. ეს არის, რაც გავიგე და თვითონ მელია, ემოციური, ნამდვილი ლიდერის თვისებებით, ძალიან კმაყოფილი დავრჩით. მეტი რაღა უნდა ქნან, ე.ი. განცხადებით შემოდიან, დღის წესრიგში ყველაფერი მოიხსნა, ახლა დღის წესრიგში მისი ჯანმრთელობის გადარჩენაა.

მე არანაირი ინიციატივა არ მქონია, უბრალოდ ვისმინე. აბსოლუტურად მოვიწონე ის, რაც მოვისმინე. თვითონ წერილობითაც გაავრცელებენ განცხადებას და ქმედებითაც გვაჩვენებენ ამ დღეებში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია ამბობს, რომ საპროტესტო აქციები ხვალიდან დაიწყება.

„რამდენადაც მივხვდი, ხვალიდანვე იქნება. იქნება საპროტესტო აქციები, განცხადებები, შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და ყველასთან, ვისაც ხელეწიფება“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, „ამჯერად დღის წესრიგშია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ეს არის საფრთხის ქვეშ“.

რაც შეეხება კითხვას: „შიმშილობის მესამე დღეა, ექვსი საათის შემდეგ იქ ექიმები აღარ არიან და რას ითხოვთ, ბრიგადები გაგზავნონ, თუ როგორი უნდა იყოს სამედიცინო კუთხით დახმარება?“, – გიული ალასანია პასუხობს, რომ ამას ყველა ითხოვს.

„ესენიც ითხოვენ, მეც ვითხოვ, ყველა ჭკუათმყოფელი ითხოვს, რადგან ჩვენ ადრე გვახსოვს, როცა შიმშილობდა, იყო ეპიზოდები, რომ კალიუმი დავარდა, რაღაცა დავარდა, ამ დროს უკვე სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და ნიკა ყიფშიძეს მოუწია იქვე გადასხმის გაკეთება. კიდევ კარგი, რეანომობილი იდგა და მაშინ მათი დახმარებით ეს მოხერხდა. ვფიქრობ, რომ ახლაც ეს აუცილებელია, მაგრამ არ ვიცი, ახლა რას გადაწყვეტენ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.