გიული ალასანია - სააკაშვილი სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს, გუშინდელი დღით კმაყოფილია, მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა
გიული ალასანია - სააკაშვილი სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს, გუშინდელი დღით კმაყოფილია, მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილი დარჩა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სხდომაზე „ვივამედის“ ექიმის, თამარ აბაშიძის გამოსვლა გმირობა იყო.

„პროცესს თვალს ადევნებს და მოეწონა. გუშინდელი დღით კმაყოფილია. მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები უნდა დაჩქარდეს. „რა თქმა უნდა, იმ აზრზეა, რომ უნდა დაჩქარდეს და დასრულდეს“, – აღნიშნა ალასანიამ.

გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის წონაში ძალიან დაკლებულია.

„საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მიკვირს, როგორ გადაადგილდება აბაზანამდე, თუნდაც დამხმარე საშუალებით. საკვების მიღება უჭირს, არც კი უცდია. არ აქვს შიმშილის გრძნობა. ტემპერატურა მუდმივად აქვს, დილიდან – დაბალი, შემდეგ – უწევს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან სააკაშვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებაა, როდესაც მასთან მოსანახულებლად შვილს არ უშვებენ.

„ესაა სადამსჯელო ღონისძიება. ამ გზით სჯიან პატიმარს. ისჯება, რისთვისაც ზის და ყველამ კარგად იცის, რისთვის ზის. ოფიციალური არგუმენტი, რის გამოც არ უშვებენ, არის უსაფრთხოება. არ ვიცი, რა საფრთხე ელის შვილებისგან. სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ გავიგე, მაგრამ დანარჩენი ჩემთვის ნათელია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.