გიული ალასანია - რასაც ვუყურებ, სააკაშვილი იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად, აწონამდე ბევრი სითხე ხომ არ ჰქონდა დალეული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა
გიული ალასანია - რასაც ვუყურებ, სააკაშვილი იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად, აწონამდე ბევრი სითხე ხომ არ ჰქონდა დალეული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პოლონელი ექიმების ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით  მადლობას უხდის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხი ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის.

„ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ (უცხოელი ექიმები). რაღაც რეკომენდაციები გასცეს, ალბათ შემდეგ წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მორავეცკის, პოლონეთს, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. ევროპის 27 ქვეყანა მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემი შვილის სტატიები. ფაქტობრივად, ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის. უკრაინა ძალიან აქტიურობს, მიუხედავად თავისი მძიმე პრობლემებისა. არცერთი წუთი არ ივიწყებენ მიხეილ საკაშვილს. ძალიან გამამხნევებელი იყო ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„დღეს სისხლის გადასხმას უპირებენ, ჯანმრთელობა ვერ არის ფორმაში. გუშინ ბატონმა ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ჩემს შვილს ეს კომპლიმენტადაც მიეღო და ამ ვითარებაში, რა ვიცი, რა გითხრათ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მომატებული წონა, შესაძლოა, ბევრი სითხის მიღებით იყოს ნაჩვენები.

„წონაში მატება იმაზეა, ვთქვათ, აწონამდე ბევრი სითხე თუ ჰქონდა დალეული, ყველაფერს ხომ აქვს მნიშვნელობა. მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განმარტებით, კარგია, რომ ექიმების ჩამოსვლა მოხერხდა.

„ძალიან დიდი ინტერვალი იყო იმის შემდეგ, რაც ჩვენ გვახსოვს, ექიმები ჩამოდიოდნენ და სინჯავდნენ. დიდი ხანია, ეს აღარ მომხდარა, არავის ეძლეოდა ამის უფლება. დიდი ბრძოლა დასჭირდა ამ საქმეს, გავიდა თითქმის 5 თვე და კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს ეს მოხერხდა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.