გიული ალასანია - მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა, იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულთმოქმედი ჰგონიათ მიხეილ სააკაშვილი, ჰგონიათ, რომ უკვდავია, არაფერი არ შეეხება
გიული ალასანია - მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა, იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულთმოქმედი ჰგონიათ მიხეილ სააკაშვილი, ჰგონიათ, რომ უკვდავია, არაფერი არ შეეხება

ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას, იქნებ არის კიდევ შანსი, გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის N 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„შვიდი თვე იწურება, რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა. ვიცით, კი ბატონო, პირველად იყო სიტყვა, მაგრამ არავის უთქვამს, მარტო სიტყვა და მოქმედება არასოდეს იყოსო. ამასობაში ჩვენ მოვიარეთ ყველა ციხე, რაც კი არსებობს საქართველოში. ეს ციხე, რომელიც, სხვათა შორის, მისი აშენებულია; ის ციხე, რომელიც გორში ასევე მისი აშენებულია, ვითომ კლინიკა რომ ჰქვია; ნუ გლდანზე უკვე აღარაფერს ვიტყვი. ეს ადამიანი უბრალოდ გვეცლება ხელიდან. რატომ, იმიტომ რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმეც ჩვენ ყველა ვიყავით. მოგწონს – არ მოგწონს, იზიარებ – არ იზიარებ, ეს ხომ რეალობა იყო, რომ ქვეყანა აშენდა, ქვეყანა მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ქვეყანა, რომელსაც არავინ იცნობდა. ძალიან ბევრი წარმატების მოწმენი ვიყავით იმ წლებში და ახლა რას ვიღებთ, რისი მოწმეებიც ვართ, იმასაც ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. ახლა ისევე, როგორც ყოველთვის, არაერთხელ, მე ვითხოვ ბოლოს და ბოლოს მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას, რომ იქნებ არის კიდევ შანსი, გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა. ხანდახან ისეთი ადამიანი იკითხავს, უი, მართალა, ეს როგორ მოხდა? რადგან იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულთმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია, არაფერი მას არ შეეხება. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ექიმებთან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და რას ამბობენ მედიკოსები, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მან დამატებით არაფერი იცის.

„არ ვიცი, რას ამბობენ. მე ვიცი მხოლოდ ის, რაც მოვისმინე ტელევიზიით. გარდა ამისა, მე თვითონ ვიყავი მოწმე, ვიყავი იმ სასამართლოზე, ვიჯექი, სადაც ძლივს აიყვანეს ეს ადამიანი, რომელიც თუნდაც ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც აქ ჩამოვიდა, ყველას გვახსოვს, როგორ გამოიყურებოდა, როგორ ფორმაში იყო. დღესაც ვუყურებთ, ჩვენს თვალწინ ხდება მისი გაქრობა. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავის მოჭრა და საბოლოოდ დანგრევა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, ხომ არ აქვს რამე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსების კონსილიუმის შესვლის შესახებ, გიული ალასანიამ აღნიშნა: „არავითარი ინფორმაცია მე არ მაქვს გარდა იმისა, რასაც ვისმენ და ვუყურებ“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ისინი ერთობლივად მოქმედებენ.

„ჩვენ ისედაც ერთობლივად ვმოქმედებთ. ესენიც, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ. მეც, ჩემი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, როგორც დედას“, – დასძინა გიული ალასანიამ.