გიული ალასანია - მე ვერ მოვუწოდებ წამლების მიღებას მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც არ ვიცი, რა წამლებზეა საუბარი და ეს წამლები რამდენად სამკურნალოა
გიული ალასანია - მე ვერ მოვუწოდებ წამლების მიღებას მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც არ ვიცი, რა წამლებზეა საუბარი და ეს წამლები რამდენად სამკურნალოა

მე ვერაფერს მოვუწოდებ, რადგანაც არ ვიცი, რა წამლებზეა საუბარი; არ ვიცი, რამდენად სამკურნალოა ეს წამლები, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, როგორც მშობელი, თუ მოუწოდებს მას წამლების მიღებას.

ალასანია აცხადებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას. გიული ალასანიამ განაცხადა, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები არ იცის, რადგან ვერ ნახულობს. თუმცა, ალასანია აღნიშნავს, რომ სააკაშვილს გადაადგილების პრობლემა აქვს, რაც მოსალოდნელიც იყო.

„არავითარი ინფორმაცია არ მაქვს მიშაზე. იქ შესვლის საშუალება არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ გასეირნებაზე უარს ამბობს. ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე გზაში რა მოხდება კიდევ, არავინ იცის. ამას წინათ, მაგალითად, მის ადვოკატს დაესხა თავს ერთი ადამიანი. მავთულხლართები და ყველაფერი ეს მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს. ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას, რადგანაც, ექიმები ამბობენ, რომ აქ, საქართველოში ამ დაავადების განკურნების შესაძლებლობა არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.